ნებისყოფა არ ეყოფა ხელისუფლებას, ეს თეატრი გააგრძელოს - ხაზარაძე სასამართლო პროცესის შესახებ
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის, თქმით, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმე აბსურდამდე მივიდა, რადგან პროკურატურის არც ერთ მოწმეს მათ წინააღმდეგ ჩვენება არ მიუცია.
არანაირი მოლოდინი არ მაქვს ამ მართლმსაჯულებისგან, გარდა სულელური პროცესებისა, რომელიც უკვე გრძელდება და შესულია აბსურდის აბსურდში, მალე დარწმუნდება ყველა, რომ არათუ არგუმენტები აღარ არსებობს, ნებისყოფაც აღარ ეყოფა ხელისუფლებას და მართლმსაჯულებას, რომ ესეთი აბსურდული თეატრი გააგრძელოს. ფაქტი არის ჯიუტი, რომ ჩვენ ვართ მართლები. 40-ზე მეტი დაიკითხა არავის ჩვენ საწინააღმდეგოდ ჩვენება არ მიუცია, საუბარია პროკურატურის მოწმეებზე ", - ამბობს ხაზარაძე.
ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის პროცესი ცოტა ხანში იწყება. პროცესზე ბრალდების მხარის მოწმე დაიკითხება,რომელიც გამომძიებელია. უცნობია, რა შინაარსის ჩვენებას მისცემს პროკურატურის მიერ მიყვანილი მოწმე, თუმცა წინა სხდომაზე პროკურატურის მოწმემ ბრალდების მხარისთვის არასასურველი ჩვენება მისცა და საქმის ფიგურანტების ბრალეულობა ვერ დაინახა. საქმე ეხება ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტის ჩვენებას, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ საქმეში დანაშაული საერთოდ არ იკვეთება და მითუმეტეს, ტრანზაქციებთან შემხებლობა ტვ პირველის დირექტორის მამას არ ჰქონია.
ცნობისთვის, ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო. საქმეში ერთერთი მთავარი ფიგურანტი ტვ პირველის დამფუძნებელი ავთანდილ წერეთელია, რომელსაც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. საქმე ეხება 2008 წელს განხორციელებულ საბანკო ოპერაციას.
2020 წლის 14 მაისს „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ” გამოაქვეყნა დამოუკიდებელი საერთაშორისო ექსპერტის, პოლინ დევიდის მიერ მომზადებული დასკვნა „თიბისი ბანკის“ საქმეზე ფულის გათეთრების სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებით. დასკვნაში ნათქვამია, რომ არ არსებობს რაიმე საფუძველი იმის დასამტკიცებლად, რომ მამუკა ხაზარაძემ, ბადრი ჯაფარიძემ ან ავთანდილ წერეთელმა, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად, ფულის გათეთრების დანაშაული ჩაიდინეს.