"ცოტა ზედმეტი მოგვივიდა" - მართლმადიდებლობით გამართლებული ძალადობა

09.07.21 15:21
"ცოტა ზედმეტი მოგვივიდა" - მართლმადიდებლობით გამართლებული ძალადობა

ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულები თავის მართლების რეჟიმში გადავიდნენ  - პუტინისტური, ძალადობრივი ჯგუფების წარმომადგენლები დღეს ცდილობდნენ, დაერწმუნებინათ მოსამართლე, რომ მედიის წარმომადგენლებზე "შემთხვევით" იძალადეს. 

აკაკი ნაკაშიძე, რომელიც "ტვ პირველის" რეპორტიორებს სასტიკად გაუსწორდა, დღეს ამბობს, რომ "ცოტა ზედმეტი მოუვიდა".

მოძალადეების ლექსიკა გუშინდელის მსგავსად, დღესაც არ შეცვლილა, ისინი ამბობენ, რომ "მართლმადიდებლები არიან". 

მართლმადიდებელი კაცი ვარ, მინდოდა, ჩემი აზრი დამეფიქსირებინა, ცოტა ზედმეტი მოგვივიდა, ქაოსმა გამოიწვია, ემოციებიდან გამომდინარე მოხდა",- თქვა ბრალდებულმა, სასამართლოს სხდომაზე, მის სიტყვას კი ნაცემი ჟურნალისტები დარბაზშივე ესწრებოდნენ. 

კიდევ უფრო მძიმე იყო ბრალდებულების ადვოკატების განცხადება. უფლებადამცველმა მედია სიცრუის ტირაჟირებაში დაადანაშაულა: 

სამართლებრივად დავამტკიცებთ, რომ ვიდეოში წარმოდგენილი პიროვნება თემურ ხარაული არ არის", – მიმართა ადვოკატმა ოთარ ხურციძემ მედიის წარმომადგენლებს. 

მისი განცხადებით, თემურ ხარაულს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.

არაფრის მრცხვენია. ვარ უფლებადამცველი, გავეცანი საქმის მასალებს და დავამტკიცებ, რომ თქვენ ბევრი რამ გეშლებათ“, – განაცხადა ადვოკატმა.

 მოსამართლე რომან ხორავამ 4 ბრალდებულს აღკვეთის სახით წინასწარი 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა.

საქმის მასალების თანახმად, თორნიკე დავლაშერიძემ და აკაკი ნაკაშიძე „სირცხვილიას“ ოფისში, "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს. 

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მე -2, 156-ის მე -2 ნაწილის "ა" და 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.