ძალადობა ჟურნალისტებზე - პროკურატურამ 4 პირს ბრალი წარუდგინა

10.07.21 18:43
ძალადობა ჟურნალისტებზე -  პროკურატურამ  4 პირს ბრალი წარუდგინა

პროკურატურამ 5 ივლისს მედიის წარმომადგენლების მიმართ ჟურნალისტური საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და ძალადობის ფაქტებზე დღეს დაკავებულ ოთხ პირს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 5 ივლისს, “თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის მიმდინარეობის დროს, ორგანიზებულ ძალადობაში მონაწილე პირები, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით და შეუწყნარებლობის მოტივით, თავს დაესხნენ სხვადასხვა ტელეკომპანიის, ინტერნეტ-გამოცემის, ბეჭდური მედიის ჟურნალისტებს და ოპერატორებს და არ მისცეს მათ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. 

ბრალდებულები, ტელეკომპანია „ფორმულას“, ტელეკომპანია „იმედის“ და რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტებს და ოპერატორებს, პროფესიული საქმიანობის ხელის შეშლის მოტივით ფიზიკური ძალადობით და სიტყვიერი შეურაცხყოფით, პროფესიული საქმიანობის შეწყვეტას აიძულებდნენ, რათა მედიის წარმომადგენლების მხრიდან არ მომხდარიყო ბრალდებულთა მიერ განხორციელებული აგრესიული ქმედებების გადაღება და გავრცელება.

სამართალდამცველებმა რ.კ., გ.კ., თ.ბ. და გ.ნ. 2021 წლის 9 და 10 ივლისს დააკავეს. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა, ჩადენილი ძალადობის მუქარით), 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პროფესიულ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით)  და 225-ე მუხლის მეორე ნაწილით (ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლიდან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

“თბილისი პრაიდის” საწინააღმდეგოდ გამართული აქციის საქმეებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ დროისთვის ბრალი 20 პირს წარედგინა.