გომელაურს უჭირს იმის აღიარება, რომ პოლიციელებმა ელისაშვილზე ფიზიკურად იძალადეს

19.04.24 17:15
გომელაურს უჭირს იმის აღიარება, რომ პოლიციელებმა ელისაშვილზე ფიზიკურად იძალადეს

ვახტანგ გომელაურს უჭირს იმის აღიარება, რომ პოლიციელებმა ალეკო ელისაშვილზე ფიზიკურად იძალადეს. შინაგან საქმეთა მინისტრი არ იძლევა გარანტიას, რომ ძალადობაში მხილებული სამართალდამცვლები დაისჯებიან. დაწყებულია გამოძიება და დაველოდოთ შედეგებს - თქვა ქვეყნის პირველმა პოლიცილემა.

მე ვერ დავიწყებ ახლა ვერც იმას თქმას, ვერც ამის თქმას, იქიდან გამომდინარე, რომ, რომ ვთქვა ასე იყო, იტყვიან სულ სხვა რაღაცას, რომ ვთქვა, რომ ასე არ იყო, იტყვიან რომ ზეწოლას აკეთებ სასამართლოზე, გამოძიებაზე და ა.შ.

გამოძიება დაწყებულია. კადრებში ყველამ ვიხილეთ, რა მოხდა, როგორ მოხდა, როგორ დაიწყო ეს ყველაფერი და დაველოდოთ გამოძიებას, რომ მერე არ იყოს, ჩაერია და შს მინისტრმა განცხადებით მიანიშნა-მოანიშნაო. ძალიან ცუდია, რაც მოხდა, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, ვინც არ უნდა იყოს", - ამბობს გომელაური.

"ტვ პირველის" მიერ გადაღებულ ექსკლუზიურ ვიდეომასალაში, სახეებით ჩანს ყველა, ვინც ოპოზიციონერ პოლიტიკოსს უსწორდება. ამ კადრებით, საგამოძიებო უწყებისთვიის ძალადობაში მხილებული პოლიციელების იდენტიფიცირება მარტივი საქმეა. ამიტომ, ახლა მთავარი კითხვაა, დაისჯებიან თუ არა დეპუტატ ალეკო ელისაშვილზე თავდამსხმელი სამართალდამცველები.

მსგავსი სიახლეები