ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა, ანუ "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგი ნაბიჯი - ქადაგიძე ოფშორებთან დაკავშირებული კანონის საფრთხეებზე
"ჩვენ გადავიხდით, ოლიგარქი არა, ანუ "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგი ნაბიჯი," - ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ქადაგიძე წერს და ოფშორებთან დაკავშირებული ცვლილებების დაჩქარებული წესით მიღებას ეხმაურება.
ქადაგიძის თქმით, საგადასახადო კოდექსში დაჩქარებული წესით შეტანილი ცვლილებები ივანიშვილსა და მის "ჩრდილოელ მეგობრებზეა" გათვლილი. გარდა ამისა, ქადაგიძე წერს იმ საფრთხეებზე, რაც შეიძლება ამას მოჰყვეს და როგორ აისახება ეს თითოეულ მოქალაქეზე, როგორ შეფერხდება გადარიცხვები:
ჩვენ გადავიხდით, ოლიგაქრი არა, ანუ "ბანანის რესპუბლიკად" ქცევის მორიგი ნაბიჯი.
დღეს დილიდან გავთიშე ტელეფონი და მოვემზადე ე.წ. "ოფშორების კანონის" წასაკითხად, საერთაშორისო გამოცდილების, პოლიტიკის დოკუმენტის და სხვა ანალიტიკის სანახავად, თუ როგორ მოხდება ინვესტორების მოზიდვა და ა.შ.
ხელში კი შემრჩა ორი აბზაცი, ჩაკვეხებული საგადასახადო კოდექსში, თუმცაღა დაჩქარებით მიღებული. დიახ, დაჩქარებული წესით.
რატომ ?
ამ ცვლილებების შედეგად ოლიგარქი ან/და მისი მეგობრები (მეგობრები კი ჩრდილოეთიდან მეტწილად) ე.წ. ოფშორული ზონიდან გადმოიტანენ/გადმოაფორმებენ აქტივებს საქართველოში და არ გადაიხდიან არანაირ გადასახადს; 0-ს.
ჩვენ გადავიხდით საშემოსავლოს, ოლიგარქი არა!
ჩვენ გადავიხდით მოგების გადასახადს, ოლიგარქი არა!
ჩვენ გადავიხდით დამატებული ღირებულების და იმპორტის გადასახადებს, ოლიგარქი არა!
ქონების გადასახადს კი საერთოდ არ გადაიხდის 2030 წლამდე!
და აქვე ცოტა რამ ბანკებზე.
საქართველოს საბანკო სექტორი და შესაბამისად მთლიანი ჩვენი ბიზნესი ინტეგრირებულია დასავლურ სისტემაში სულ ორი საკორესპონდენტო ბანკით. უფრო გასაგებად, ქართული ბანკებიდან ნებისმიერი უცხოური გადარიცხვა/გადმორიცხვა ხორციელდება ერთი გერმანული და ერთი ამერიკული ბანკის მიერ. თუ მათ გადაწყვიტეს რომ საქართველო არის მომატებული რისკის იურისდიქცია (ეს ყველაზე მარტივი რაც შეიძლება მოხდეს), ჩათვალეთ რომ ნებისმიერ გადარიცხვას/გადმორიცხვას დაჭირდება დღეები თუ არა კვირები, მილიონი დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და ყოველი მესამე გადარიცხვა გაიჭედება და მობრუნდება.
ეს რას ნიშნავს ფიზიკური პირებისთვის, ინდ მეწარმეებისთვის, მცირე და საშუალო ბიზნესისთვის რთული მისახვედრი არ უნდა იყოს. თუმცა მეორეს მხრივ, რა მოხდა? ასეა, რუსეთში, ირანში, ბელორუსიაში და ცხოვრობენ, ცხოვრობენ რა, არსებობენ.
მოკლედ, ამ ბრძოლის წაგება, არ შეიძლება!" - წერს გიორგი ქადაგიძე.
ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტი მესამე მოსმენით დაამტკიცეს.
„ქართული ოცნება” ოფშორებთან დაკავშირებულ საგადასახადო ცვლილებებს ბიძინა ივანიშვილს არგებს - ამ განცხადებას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს და ივანიშვილის ქონების დაცვაზე მორგებული კანონპროექტის მესამე მოსმენით დამტკიცებას ეხმაურება.