იერიში მომავალ თაობაზე - როგორ "მონათლა" მდინარაძემ რუსული კანონის წინააღმდეგ ახალგაზრდების პროტესტი
იერიში მომავალ თაობაზე - მამუკა მდინარაძე ამტკიცებს, რომ რუსული კანონის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსული ახალგაზრდების მოთხოვნა რეალურად ის არის, რომ "გამჭვირვალობა არ უნდათ".
უმრავლესობის ლიდერი ამბობს, რომ ეს ბრძოლა მოსაგებია და ამ ახალგაზრდებს უნდა გააგებინონ, რა წერია სინამდვილეში კანონპროექტში.
ქუჩაში გასული ათასობით მოქალაქის მიუხედავად, "ოცნება" უკან მაინც არ იხევს და ცდილობს პრობლემა, მათ შორის, ჩვენს მომავალ თაობაშიც კი იპოვოს.
მართლა პარადოქსია,ირაკლი კობახიძემ თქვა, საუკუნეები ვიბრძოდით სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის და ახლა ხალხი გამოიყვანეს რაღაც „რუსული კანონის“ წინააღმდეგ სლოგანით სუვერენიტეტის ხარისხის ქვემოთ ჩამოსაწევად. ეს შეძლეს ხალხო, რასთან გვაქვს საქმე წარმოგიდგინეთ, რომ სუვერენიტეტის გაძლიერებისთვის აკვდებოდა ქართველი კაცი მტერს და საუკუნეები იბრძოდა და დღეს, თანამედროვე სამყაროში გვიწევს ბრძოლა, თან გვეუბნებიან, რუსები ხართ, რუსულ კანონს იღებთო და გვიწევს ბრძოლა, რომ ამის ფონზე სუვერენიტეტი გავაძლიეროთ, გამჭვირვალე იყოს, დონორმა რომ რაღაც მავნებლობაზე თავი შეიკავოს და მხოლოდ კარგი საქმეები დააფინანსოს, რასაც აფინანსებენ. წარმოიდგინეთ, რეალურად რას ითხოვენ ის ახალგაზრდები, რომლებიც ლაპარაკობენ სლოგანის ქვეშ „არა რუსულ კანონს“ , სინამდვილეში ითხოვენ, რომ არა, არა, მე არ მინდა, არ დამანახოთ, გამჭვირვალობა. არავითარ შემთხვევაში ვერ ავიტან, რომ NGO-მ, ლომჯარიამ და გიგაურმა არ შეავსონ დეკლარაციაო, ეს რუსული ამბავი იქნებაო. სინამდვილეში აქ დავდივართ და ამიტომ არის, რომ ამბობენ, შინაარსში არ შევიდეთო. ეს უნდა გადავლახოთ, აქ უნდა მოვიგოთ და ხალხმა უნდა გაიგოს, რომ იმ დოკუმენტში, კანონში რეალურად მეტი არაფერი წერია გარდა იმისა, რომ უნდა დარეგისტრირდნენ შესაბამისი ინტერესების გამტარ ორგანიზაციებად და შეავსონ დეკლარაცია. მეტი არაფერი, რაც სუვერენიტეტს აამაღლებს და არაო, სუვერენიტეტი უნდა დაეცესო“, - განაცხადა მდინარაძემ.