"ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტი არ არის" - აქტივისტი
სამოქალაქო აქტივისტები დარწმუნებულები არიან, რომ "ქართული ოცნება" 29 აპრილს დაგეგმილ აქციაზე ისევ საჯარო მოხელეებს მიიყვანს. დავით ჩხობაძე არ გამორიცხავს, რომ აქციაზე მისვლისთვის ხელისუფლებამ მოქალაქეები მოისყიდოს.
ამასთან, აქტივისტი ამბობს, რომ ბიძნა ივანიშვილი, რომლის აქციაზე მისვლაც "ოცნებამ" დაანონსა, ახალგაზრდებისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენს.
აქ ერთი კითხვა შეიძლება დაიბადოს, კაცის თავზე რამდენი გამოდის და რამდენს იხდიან. სამწუხაროდ, „ქართულ ოცნებას“ ძალიან მდაბიო შეფასება აქვს საქართველოს მოქალაქეებზე, ძალიან მდაბიო ხალხი ვგონივართ ჩვენ და ამ აქციაზე იქნებიან საჯარო მოხელეები, სხვადასხვა სიპებსა და აიპებში დასაქმებული ადამიანები, მათ შორის, სტუდენტური თვითმმართველობის წარმომადგენლები და ისინი აქცენტს გააკეთებენ რაოდენობაზე. ისე გვამცნეს და გვახარეს, რომ ბიძინა ივანიშვილიც კი დაესწრებოდა ამ აქციას, თითქოს ის ავტორიტეტი იყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის. რეალურად, ერთ რიგით, პატიოსან მოქალაქეს არაფერში არ გამოადგა ბიძინა ივანიშვილი, - ამბობს დავით ჩხობაძე.
"ქართული ოცნება" 29 აპრილს პარლამენტთან "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ჩაატარებს. აქცია "რუსული კანონის" მხარდასაჭერად გაიმართება. "ოცნება" ამტკიცებს, რომ აქციის გამართვის გადაწყვეტილება მხარდაჭერების თხოვნით მიიღეს.
"ოცნების" მტკიცებით, რუსული კანონის წინააღმდეგ აქციების მონაწილეთა რაოდენობამ პიკზე 9 500 შეადგინა.