"ოცნების" დაანონსებული კონტრაქცია - რას გეგმავს ოპოზიცია?

23.04.24 17:19
"ოცნების" დაანონსებული კონტრაქცია - რას გეგმავს ოპოზიცია?

რუსული კანონის წინააღმდეგ ქვეყანაში პროტესტი არ წყდება, რასაც "ოცნება" კონტრაქციით პასუხობს - ოპოზიცია მმართველი პარტიის მიერ დაანონსებულ "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მცდელობად აღიქვამენ.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ პროტესტი "ოცნების" რუსული კანონის წინააღმდეგ ორშაბათსაც იქნება, თუმცა, რა ფორმით ჯერ უცნობია.

"ქართული ოცნების" მიზანია სამოქალაქო დაპირისპირება, გახლეჩა საზოგადოების და წარმოჩენა, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ორი პოლუსი, სინამდვილეში, ორი პოლუსი არ არსებობს, არსებობს მხოლოდ ერთადერთი პოლუსი - ქართველი ხალხი და მათი ევროპული არჩევანი, შესაბამისად, ჩვენ ვუპასუხებთ ნებისმიერ ამ ტიპის გამოწვევას მშვიდობიანად, ვუპასუხებთ იმ პასუხისმგებლობით, რაც დაკისრებული აქვს ქართულ საზოგადოებას, ოპოზიციურ, პროევროპულ პოლიტიკურ სპექტრზე - რა შეიძლება იყოს კონკრეტული სტრატეგია უახლოეს მომავალში გვეცოდინება,“ - ამბობს ირაკლი კუპრაძე.

გადაწყვეტილება იქნება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ მიღებული, არავინ აპირებს, რომ ბიძინა ივანიშვილის პროვოკაციას წამოეგოს, ცხადია, როგორც აქამდე მოვედით შვიდად და ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ინტერესების დაცვით,. სწორედ ასე ვაპირებთ ჩვენი ნებისმიერი ქმედება იყოს ასეთი,“ - ამბობს სოფო ჯაფარიძე.

რუსთაველი ეკუთვნის ქართველ ხალხს და 29-ში იქნება თუ 30-ში აუცილებლად ხალხი რუსთაველს დაიკავებს და იქნება მშვიდობიანი პროტესტი. გვესმის, რომ ივანიშვილი მზად არის პროვოკაციისთვის, ჩვენ ამ პროვოკაციას ვუპასუხებთ შესაბამისად იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდეს,“ - ამბობს გიორგი ვაშაძე.

როდესაც შენ მოსწავლეებისა და სტუდენტების წინააღმდეგ გამოგყავს ძალით მასწავლებლები და საჯარო მოხელეები, ამას არაფერი არ ჰქვია დასასრულის გარდა, იმიტომ, რომ საზოგადოებრივი მხარდაჭერა დაკარგული აქვს ქართულ ოცნებას. ეს ძალიან სახიფათოა ასეთი ტიპის კონტრაქციების გაკეთება, ხელოვნურად მოწყობა, ეს აღვივებს საზოგადოებრივ დაპირისპირებას, ვინც არ უნდა მოვიდეს იმ აქციაზე და რამდენიც არ უნდა იყვნენ, ეს ხალხი იქ არის ძალით მოყვანილი, არ აერთიანებთ არანაირი იდეა და ბევრი მათგანი ქართული ოცნების წინააღმდეგ მისცემს ხმას, როცა აღმოჩნდება ერთი ერთზე საარჩევნო ბიულეტენთან,“ - ამბობს ნიკა გვარამია.

29 აპრილს რუსთაველზე მისვლას არ აპირებენ ის ახალგაზრდები, ვინც "ოცნების" გადაწყვეტილებას რამდენიმე კვირაა უწყვეტად აპროტესტებენ.

სტუდენტები ფიქრობენ, რომ კონტრაქცია ოლიგარქის ხელისუფლებამ პროვოკაციისთვის დაგეგმა, ამიტომ რუსთაველზე მისვლისგან თავის შეკავებას აპირებენ.

"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. "ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება.  

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება. აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.

მსგავსი სიახლეები