რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

22.04.24 12:37
რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ბიძინა ივანიშვილი დაესწრება

"ქართული ოცნების" "საყოველთაო-სახალხო შეკრებას" ბიძინა ივანიშვილი დაესწრება. ინფორმაციასსამთავრობო ტელეკომპანია "იმედი" ავრცელებს. კონტრაქციის გამართვის გადაწყვეტილებას "ოცნებაში" მხარდამჭერების თხოვნით ხსნიან.

"ქართული ოცნების" განცხადებით, 29 აპრილს პარტია პარლამენტთან რუსული კანონის მხარდამჭერ აქციას ჩაატარებს. სავარაუდოდ სწორედ ამ დღეს საქართველოს პარლამენტში ხელისუფლება რუსული კანონის ხელმეორედ მიღებას ეცდება.

ივანიშვილის პარტია მოსახლეობას მოუწოდებს "ერთად ვუთხრათ უარი შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, რელიგიური სარჩულით პოლიტიკური ინტერვენციის, ლგბტ-პროპაგანდის, ნარკოტიკების პროპაგანდის, სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას".

ერთ-ერთი ვერსიით, მმართველი პარტია კონტრაქციის ჩატარებას 28 აპრილს გეგმავდა, თუმცა თარიღი მოულოდნელად შეიცვალა. 

მას შემდეგ, რაც პარლამენტმა რუსული კანონის განხილვა დაიწყო, რუსთაველზე საპროტესტო აქციები ყოველდღიურად იმართება.

აქციის მონაწილეები მოითხოვენ, უკან გაიწვიოს მმართველმა ძალამ კანონპროექტი, რომელიც საქართველოს ევროინტეგრაციას საფრთხეს უქმნის.