ოდიშარია კონსული აღარ არის - ქალების გინებაში მხილებული დეპუტატი მედიასთან არ ჩნდება
ქალი დეპუტატების ლანძღვაში ეჭვმიტანილი ბექა ოდიშარია მიმალვაშია - დიპლომატიური უწყების რადიკალური გადაწყვეტილების შემდეგ, "ოცნების" წარმომადგენელი ამ დრომდე არც კაბინეტში და არც მედიასთან არ გამოჩენილა.
სამაგიეროდ, სკანდალში გახვეულ კოლეგას "ქართული ოცნების" სხვა დეპუტატები იცავენ:
"ბატონი ოდიშარია არის ღირსეული ქართველი" - ამტკიცებს ირაკლი ზარქუა და იქვე დასძენს, რომ პოლიტიკოსის მიერ ქალი ოპოზიციონერი პარლამენტარებისთვის შეურაცხყოფის მიყენება პარლამენტის წევრების კომენტარს არ საჭიროებს.
ასეთი რამ არ ყოფილა... მან პრივატულად თქვა რაღაც. ეს საჯაროდ არ იყო განცხადებული. დეპუტატი რახან ხარ, პრივატულად საუბარი აკრძალული გაქვს? ეს მოსულა. გაქვთ უფლება, რომ პრივატულად ილაპარაკოთ. რატომ იტყუები ახლა, მიკროფონში თქვა? პარლამენტში ხართ. არ მინდა ამ სიღრმეებში შემოვიდე. ბატონი ოდიშარია არის ღირსეული ქართველი. მან ახსნა, თუ რა, როგორ იყო, ამიტომ ჩვენს კომენტარებს არ საჭიროებს. რაც შეეხება თქვენს კითხვას, არ მაქვს ეს ინფორმაცია და არ ვადასტურებ", - ამბობს ზარქუა.
ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამო, ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვეს - გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.
ეს გადაწყვეტილება ლატვიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული კანონის განხილვის დროს "ოცნების" დეპუტატმა სხდომათა დარბაზში ქალ დეპუტატებს აგინა და მათ მიმართ უხამსი შეფასებები გააკეთა.