"არ შეიძლება, სამარცხვინო ადამიანებს საპატიო კონსულის სტატუსი ჰქონდეთ" - ქალი დეპუტატები

24.04.24 14:15
"არ შეიძლება, სამარცხვინო ადამიანებს საპატიო კონსულის სტატუსი ჰქონდეთ" - ქალი დეპუტატები

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატები "ოცნების" მაგინებელი დეპუტატისთვის ლატვიის საელჩოს მიერ საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას "პირველებთან" აფასებენ.

ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ მიღებული გადაწყვეტილება უპრეცედენტოა, რადგან დეპუტატების მხრიდან სიძულვილის ენის გამოყენების არცერთ ფაქტზე აქამდე არანაირი საერთაშორისო რეაგირება არ ყოფილა.

"მსგავს სამარცხვინო ადამიანებს შეიძლება, მხოლოდ რუსეთის კონსულის სტატუსი ჰქონდეს" - აცხადებს სალომე სამადაშვილი და იქვე ამატებს, რომ პრორუსულად განწყობილ პოლიტიკოსებს თავისუფალი სახელმწიფოს საპატიო კონსულის სტატუსი არ უნდა გააჩნდეთ.

გადაწყვეტილება, რომელიც ლატვიამ მიიღო ძალიან სწორია, რადგან არ შეიძლება, რომ აბსოლუტურად სამარცხვინო ადამიანებს, რომლებსაც წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენეს ქალ კოლეგებს პარლამენტში და მე როგორც ვხედავ, "ქართულმა ოცნებამ" ქალებს ომი გამოუცხადა, ჰქონდეს საპატიო კონსულის რანგი. შეიძლება, რუსეთის ჰქონდეს მსგავს ადამიანს, მაგრამ ლატვიის და თავისუფალი დემოკრატიული სახელმწიფოს კონსულს მსგავსი სამარცხვინო პიროვნებები ცხადია, რომ ამ წოდებას არ უნდა ატარებდნენ", - ამბობს
"ლელოს" ლიდერი. 

ოპოზიციონერები მმართველ პარტიას ეუბნებიან, რომ ქალი პოლიტიკოსებისთვის შეურაცხყოფის მიყენება და მათი ლანძღვა საერთაშორისო რეაგირების გარეშე არ დარჩება. ენმ-ის წევრი, ანა წითლიძე ამბობს, რომ პარტნიორები მსგავსი შემთხვევების საპირისპიროდ ბევრად უფრო მკაცრ და კატეგორიულ ნაბიჯებს გადადგამენ.

"ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათი კოლეგებისთვის მიუღებელი პერსონები ხდებიან" - განმარტავს თამარ კორძაია და მიღებული გადაწყვეტილებისთვის ლატვიის საელჩოს მადლობას უხდის.

მსგავსი გადაწყვეტილების მიღება სასიცოცხლო ხასიათის მქონეა, რადგან არა მარტო ბექა ოდიშარიამ, არამედ ყველამ უნდა იცოდეს, რომ მათი კოლეგებისთვის მიუღებელი პერსონები ხდებიან, როდესაც თავდასხმას ახორციელებენ კოლეგა პარლამენტის წევრ ქალებზე ამ ამაზრზენი ფორმით. შემდგომ უკვე შეუძლიათ, რომ ნებისმიერ საკითხზე გამოვიდნენ და ისაუბრონ, თითქოს, არაფერი არ მომხდარა და ძალიან დიდი მადლობა ამ გაწყვეტილებისთვის, რადგან დიახ, უნდა შეუწყდეთ ასეთ პირებს უფლებამოსილება", - ამბობს კორძაია.

ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამო, ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვეს - გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.

ეს გადაწყვეტილება ლატვიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული კანონის განხილვის დროს "ოცნების" დეპუტატმა სხდომათა დარბაზში ქალ დეპუტატებს აგინა და მათ მიმართ უხამსი შეფასებები გააკეთა.

მსგავსი სიახლეები