"ოცნება" ბექა ოდიშარიას იცავს და ლატვიას ზეწოლაში ადანაშაულებს
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე "ოცნების" მაგინებელი დეპუტატისთვის საპატიო კონსულის სტატუსის ჩამორთმევას ლატვიის მხრიდან ზეწოლად აფასებს.
"მოხდა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე" - ამტკიცებს მდინარაძე და ღიად აცხადებს, რომ ლატვიის ოფიციალურ სტრუქტურებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა აქვთ.
ეს არის არანაირი დაშორება ევროპასთან, პირიქით, ეს არის კიდევ ერთი ზეწოლის ღონისძიება ქართველ დეპუტატზე. [ანუ ლატვია ზეწოლას ახდენს?] დიახ, ლატვიის ოფიციალურმა სტრუქტურამ ამით მოახდინა პრევენციული ეფექტის ზეწოლა ქართველ დეპუტატზე და საქართველოს შიდა ჩარევაში მცდელობა აშკარა, საქმეებში შიდა ჩარევაში აშკარა მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ განსაზღვროს ბექა ოდიშარიას თუ სხვა დეპუტატების მოქმედება. რომ მათ ვერ მიიღონ დამოუკიდებელი გადაწყვეტილება და გადაწყვეტილება მიიღონ საერთაშორისო ზეწოლის ქვეშ", - თქვა მდინარაძემ.
ქალი დეპუტატების შეურაცხყოფისა და სიძულვილის ენის გამო, ბექა ოდიშარიას ლატვიის საპატიო კონსულის სტატუსი ჩამოართვეს - გადაწყვეტილება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე ოფიციალურად გამოქვეყნდა.
ეს გადაწყვეტილება ლატვიამ მას შემდეგ მიიღო, რაც რუსული კანონის განხილვის დროს "ოცნების" დეპუტატმა სხდომათა დარბაზში ქალ დეპუტატებს აგინა და მათ მიმართ უხამსი შეფასებები გააკეთა.