"ქართული ოცნება" მესამე სექტორის გაქრობას აანონსებს
"ქართული ოცნება" მესამე სექტორის გაქრობას აანონსებს - განცხადება რუსული კანონის კომენტირებისას დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ გააკეთა.
ციტატა: დაფინანსება როგორც კი გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან, შავ საქმეს ვინც აკეთებს, დონორი აღარ დააფინანსებს, ამიტომ სამსახურის დაკარგვის ეშინიათ.
ჩვენ მკაფიოდ ვთქვით, როგორც რუსული, ასევე ამერიკული კანონი არის ყველაზე მკაცრი და ვრცელდება როგორც იურიდიულ, ასევე ფიზიკურ პირებზე. ერთი ცენტიც კი თუ იქნება იქ დაფინანსება, შედის აუდიტი, დარღვევის შემთხვევაში არის 5-წლიანი ციხე და ასე შემდეგ. ქართული კანონი არცერთ ფიზიკურ და იურიდიულ პირს არ ეხება. ეხება მედიას, რადგან მედია არის ის ორგანიზაცია, რომელსაც შეუძლია, საზოგადოებაზე გავლენა მოახდინოს. ვთქვით, თუ 20 პროცენტზე მეტით გაფინანსებენ, დეკლარირება მოახდინე, თქვი, ვინ გაფინანსებს და რა მიზნით, მორჩა. ასევე, არასამთავრობო სექტორს ვუთხარით, თუ საერთაშორისო პარტნიორებისგან 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებ, გააკეთე დეკლარირება და გააგრძელე, მორჩა. ეს არის განსხვავება. ეს მავნებლები ცდილობენ, დაფარონ, რას, როგორ ხმარდება თავიანთი ფინანსები. ამიტომაც არის, რომ საზოგადოება, ახალგაზრდების გარკვეული ნაწილი შეცდომაში შეიყვანეს. არ დავუთმობთ. ჩვენ იმ შემთხვევაში დავთმობთ, თუ გააუქმებენ „ფარას“, თუ საფრანგეთი სენატის მიერ დამტკიცებულ პროექტს უკან გაიწვევს. უკან გავიწვევთ, თუ ამ კანონის მიღებაზე ისრაელი უარს იტყვის, თუ ბრიტანეთი იტყვის, რომ ეს კანონი არ სჭირდება.
ხალხნო, ჩვენი რეგიონი ცეცხლის ალშია გახვეული. საქართველოს გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, სამხრეთიდან, აღმოსავლეთიდან, დასავლეთიდან, ჩრდილოეთიდან ყველას აქვს ინტერესი, უფრო მეტიც, ჩრდილოეთი შემოიჭრა და ოკუპირებული აქვს, ხოლო ზოგს ჩვენი ტერიტორიები საკუთარ დოქტრინაში აქვს მოხსენიებული. როგორ შეიძლება, ადამიანი, რომელიც ქართული სახელმწიფოს მომხრეა, ეწინააღმდეგებოდეს იმას, რომ ამ რეგიონში მაქსიმალურად ღია და გამჭვირვალე იყოს დაფინანსებები. ჩემთვის ეს გაუგებარია. როგორც კი დაფინანსება ღია და გამჭვირვალე გახდება, ლომჯარიები და გიგაურები გაქრებიან. რატომ? იმიტომ, რომ ჩაენაცვლებიან ღირსეული, პატიოსანი, ვინც ქართულ საქმეს აკეთებენ, ხოლო ვინც შავ საქმეს აკეთებს, ბუნებრივია, დონორი აღარ დააფინანსებს. ამიტომაც სამსახურის დაკარგვის ეშინიათ. კიდევ ერთხელ, ღიაობა და გამჭვირვალობა არის ევროპულობა, შავი საქმეების კეთება არის რუსული“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.