არ დავუშვებთ, შავი ფულით დაფინანსებულმა, გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ქართველი ხალხის ბედი ხელში ჩაიგდონ - რიჟვაძე
ევროპარლამენტარების მიერ დაანონსებული სანქციების შემდეგ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სკანდალურ განცხადებას აკეთებს. თორნიკე რიჟვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს, 29 აპრილს "ოცნების" მიერ დაანონსებულ რუსული კანონის მხარდამჭერ აქციაზე მივიდნენ.
სახელისუფლებო გუნდის წევრის თქმით, "ქართული ოცნება" არ დაუშვებს, რომ "შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა" და "გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა" ქართველი ხალხის ბედი ხელში ჩაიგდონ.
მოგეხსენებათ, რომ 29 აპრილს გაიმართება საერთო სახალხო შეკრება პარლამენტთან, სადაც ცხადად გამოჩნდება თუ სად დგას საქართველო, ქართველი ხალხი, ვისთვისაც ძვირფასია ეროვნული ტრადიციული ფასეულობები, მამული, ენა, სარწმუნოება. მე მსურს თითოეულ აჭარის მაცხოვრებელს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ადამიანის ღირსება, ჩვენი ქვეყნის თავისუფლება, ყველამ ერთად გამოვხატოთ ჩვენი ერთიანობა. ამიტომ, მოგიწოდებთ, კვლავაც ერთად დავდგეთ. ვისაც გწამთ და გჯერათ, რომ საქართველო უპირველეს ყოვლისა, ყველას ვალია შევინარჩუნოთ და დავიცვათ ის ფასეულობები, რომელიც უახლეს ისტორიაში, 2012 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილის მეთაურობით გადაარჩინა „ქართულმა ოცნებამ“ და რომლის დაცვასაც შეეწირნენ ჩვენი წინაპრები და რომლის დაცვაც არის ჩვენი უპირველესი მოვალეობა. ჩვენ არ დავუშვებთ, რომ საეჭვო და ხშირ შემთხვევაში შავი ფულით დაფინანსებულმა ორგანიზაციებმა და გაურკვეველი ორიენტაციის სუბიექტებმა ხელში ჩაიგდონ ქართველი ხალხის ბედი და ჩვენი შვილების ხვალინდელი დღე. ამიტომ, კვლავაც ერთად დავდგეთ და ჩვენი ერთიანობა ვაჩვენოთ ხვალინდელ მსოფლიოს. ვაჩვენოთ, თუ სად დგას ქართველი ხალხი, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი და ადამიანის ღირსებაზე დაფუძნებული განვითარება, - ამბობს რიჟვაძე.
გუშინ ევროპარალამენტის ტიბუნიდან ევროდეპუტატებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად კიდევ ერთხელ თქვეს, რომ თუ საქართელოს ხელისუფლება რუსულ კანონს მიიღებს, საქართველოსთან მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს. ევროპარლამენტარებმა ქვეყნისთვის არც სტატუსის შეჩერება გამორიცხეს და სანქციებიც დაანსონეს.