შეშფოთება რუსულ კანონზე და მოსალოდნელი საფრთხე EU-ში ინტეგრაციას - ზურაბიშვილი ნაუსედას ესაუბრა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლიეტუვის პრეზიდენტს, გიტანას ნაუსედას ესაუბრა. ამის შესახებ ორივე ქვეყნის ლიდერი სოციალურ ქსელ X-ზე წერს.
ნაუსედამ რუსულ კანონთან დაკავშირებით შეშფოთება გამოთქვა და ხაზგასმით განაცხადა, რომ კანონპროექტმა შესაძლოა, ზეგავლენა მოახდინოს EU-ში ინტეგრაციის პროცესზე.
"პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან განვიხილე საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები. გამოვთქვი ჩემი შეშფოთება "უცხოური აგენტების შესახებ" კანონთან დაკავშირებით და რა ზეგავლენა შეიძლება ჰქონდეს მას EU-ში ინტეგრაციის პროცესზე. ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას ევროპული მომავლისკენ სწრაფვაში," - წერს ნაუსედა.
საქართველოს პრეზიდენტმა კი ნაუსედას "საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის" მადლობა გადაუხადა.
"გმადლობ, პრეზიდენტო გიტანას ნაუსედა საქართველოს ევროპული მისწრაფებების ურყევი მხარდაჭერისთვის. ხაზი გავუსვით მოახლოებული არჩევნების მნიშვნელობას და მანამდე სტაბილურობის აუცილებლობას. დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი კვლავ ურყევად მისცემს ხმას ჩვენს ევროპულ მომავალს," - წერს ზურაბიშვილი.