ამ კანონის შემობრუნებით, "ოცნებამ" ფაქტობრივად ცივი ომის მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს და EU-ს ურთიერთობა - საბანაძე
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში ამბობს, რომ რუსული კანონის შემობრუნებით, "ოცნებამ" ცივი ომის მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს და EU-ს ურთიერთობა.
საბანაძის თქმით, ახლა ამ ურთიერთობის გამოსწორება ძალიან რთული იქნება.
რაც შეეხება რეზოლუციას, რომელსაც ევროპარლამენტი საქართველოს შესახებ სავარაუდოდ, ხვალ უყრის კენჭს, საბანაძე ამბობს, რომ ეს რეზოლუცია ჩვენი ქვეყნის მმართველი ხელისუფლების ქმედებების გამოძახილია.
საბანაძე ასევე საქართველოში რუსულ გავლენებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ ჰიბრიდულ ომში კრემლი საქართველოს იარაღად იყენებს და სწორედ ამას უკავშირდება რუსული კანონის უკან შემობრუნებაც.
მე არ მახსოვს, რომ ასეთი დაძაბული ურთიერთობა ჰქონოდა საქართველოს თავის პარტნიორებთან, კერძოდ ევროკავშირთან. პარადოქსულია ფაქტიურად, რადგან კანდიდატი ქვეყანა გავხდით და ჩვენი ურთიერთობა გაიყინა. ამ კანონის შემობრუნებით, საქართველოს ხელისუფლებამ ფაქტობრივად ცივი ომის მდგომარეობაში ჩააყენა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობა და ძალიან რთული იქნება ამის გალღობა და გამოსწორება და იმედია, ეს გამოსწორდება.
ეს რეზოლუცია არის ამის გამოძახილი. გასათვალსიწინებელია ის კონტექსტი, რომლეშიც ეს ყვეალფერი ხდება, ეს ხდება დასავლეთის და რუსეთის ძალიან სერიოზული დაპირისპირების ფონზე. რეალურად ეს არის ჰიბრიდული ომი, რომელსაც რუსეთი აწარმოებს დასავლეთის წინააღმდეგ და ტრადიციული ომი უკრაინის წინააღმდეგ. ამ კონტექსტში საქართველო რეალურად ხდება იარაღი რუსეთის ჰიბრიდული ომის. ამ ტიპის კანონის შემოღება, რეალურად არის ამის მიზეზი", - ამბობს საბანაძე.