სანქციები ივანიშვილს და უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება - ევროპარლამენტში ხვალ რეზოლუციის შესწორებებსაც უყრიან კენჭს
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" ავრცელებს და წერს, რომ ერთ-ერთი შესწორებების ავტორი პოლიტიკური ჯგუფი "განაახლეა", რომლის წარმომადგენელიც ევროპარლამენტარი ურმას პაეტია, მეორესი კი "ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები" და მას ანნა ფოტიგა წარმოადგენს.
„ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების“ შესწორება ორ პუნქტს მოიცავს:
ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
ხელახლა მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, პატიმრობიდან გაათავისუფლონ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.
„განაახლეს“ შესწორება კი სამ პუნქტს მოიცავს, სადაც ბოლო პუნქტში მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზეც წერია.
ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, - „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არამხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ, სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“, - წერს "რადიო თავისუფლება".