როგორ ემზადება "ოცნება" არჩევნებისთვის - ხელისუფლება იმედებს კვლავ საჯარო მოხელეებზე ამყარებს?
როგორ ემზადება "ქართული ოცნება" არჩევნებისთვის - ხელისუფლება მთავარ იმედებს სავარაუდოდ კვლავ საჯარო მოხელეებზე ამყარებს.
ირკვევა, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო სექტორში დასაქმებულთა რიცხვი 440 ათასამდე მერყეობს. მეტიც, მხოლოდ მუნიციპალურ აიპებში 82 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული და მათ ხელფასებზე ბიუჯეტიდან, თითქმის, 700 მილიონი ლარი იხარჯება.
ეს ყოველივე კი მესამე სექტორს უჩენს განცდას, რომ "ოცნება" ისევ პარტაქტივის გულის მოგებით არის დაკავებული.
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" დამფუძნებლის, ირაკლი აბესაძის თქმით, მუნიციპალურ, თუ სახელმწიფო სიპებში და აიპებში დასაქმებული ადამიანების უმეტესობა უფუნქციოა.
ერთგვარად მივიღეთ საბჭოთა სისტემა დასაქმების, როდესაც სახელმწიფოა დომინანტური დამსაქმებელი. განსაკუთრებით ამ მიმართულებით პრობლემურად რჩება მუნიციპალური და სახელმწიფო სიპები და აიპები. მხოლოდ მუნიციპალურ აიპებში, მიმდინარე წელს, 82 ათასამდე ადამიანი იქნება დასაქმებული, რომელთა მხოლოდ შრომით ანაზღაურებაზე დაიხარჯება, თითქმის, 700 მილიონი ლარი. არა მხოლოდ პოლიტიკური შეფასების, სახელმწიფო აუდიტის ოფიციალური დასკვნიდან და ანგარიშებიდანაც კი ნათლად ჩანს, რომ ამ ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი აბსოლუტურად უფუნქციოა. არის მხოლოდ პარტიული დავალებებისთვის", - ამბობს ირაკლი აბესაძე.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ღიად აცხადებენ, რომ ივანიშვილის გუნდი გარკვეულ ბერკეტებს იყენებს არჩევნებისთვის ხალხის ხმების მობილიზაციის მიზნით.
როდესაც ამდენი ხალხია დასაქმებული და მათგან მესამედი, თუ მეტი არა უბრალოდ არის იქ და უბრალოდ იღებს ხელფასს, გასაგებია, რომ მათი ოჯახის წევრებიანად 100-200 ათას ადამიანს რატომ არ შეკრებენ. გასაგებია, რომ მათზე ზეწოლის ბერკეტი არსებობს", - ამბობს ლევან თარხნიშვილი.