რეზოლუცია დამტკიცებულია - ევროპარლამენტმა ივანიშვილის სანქცირებას მწვანე შუქი აუნთო
ევროპარლამენტმა ივანიშვილის სანქცირებას მწვანე შუქი აუნთო - 425 ხმით (25 წინააღმდეგი) საქართველოს შესახებ უმწვავესი რეზოლუცია დამტკიცებულია.
მთლიან რეზოლუციასთან ერთად ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს საბოლოო დოკუმენტში ცვლილებების შეტანასაც. სანქციები ივანიშვილს და ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის საკითხის გადახედვა - ეს არის ორი ახალი ჩანაწერი, რომელიც დოკუმენტში შეიტანეს.
დოკუმენტში პირდაპირ იქნება ჩანაწერი, რომ ბიძინა ივანიშვილს სანქციები უნდა დაუწესდეს იმის გამო, რომ ის აშორებს საქართველოს ევროკავშირს და უახლოვდება რუსეთს.
403 ევროპარლამენტარი იყო მომხრე, რომ ეს ჩანაწერი რეზოლუციის საბოლოო დოკუმენტში მოხვედრილიყო.
აღსანიშნავია, რომ ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია 5-ვე ჩასწორებით მიიღო. ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებასთან ერთად, დაყენებულია პატიმრობიდან მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მოტივივით გათავისუფლების საკითხი. ევროდეპუტატები ევროკომისიისგან მოითხოვენ, გადაიხედოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის პირობები.
თუ იქნება რუსული კანონი მიღებული, ქვეყანა ვერ გადავა მოლაპარაკებების ეტაპზე - ეუბნებიან ევროპარლამენტიდან საქართველოს ხელისუფლებას.
ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა შესწორებებს:
- ევროპარლამენტი ევროკავშირის საბჭოსა და ევროკავშირის პარტნიორებს მოუწოდებს, დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილს, რომელიც „კიდევ ერთხელ ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ქვეყნის დასავლურ კურსს რუსეთისკენ გადახრის სასარგებლოდ“ და „რომელიც საკუთარი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ მოქმედებს“;
- ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს „აგენტების კანონის“ გავლენა საქართველოს მიერ სავიზო ლიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულებაზე, განსაკუთრებით, ფუნდამენტური უფლებების ნაწილში, „რაც ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პოლიტიკის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია“.
- მოუწოდებს „ქართულ ოცნებას“, გაიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების სახით ინიციირებული პროექტი, რომელიც „ზღუდავს ლგბტიქ უფლებებს და არის თავდასხმა არა მხოლოდ ლგბტიქ თემზე, არამედ - სიტყვის თავისუფლებასა და თავისუფალ სამოქალაქო საზოგადოებაზე“.
- მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი „ჰუმანიტარული საფუძვლით და მისცენ საზღვარგარეთ მკურნალობის შესაძლებლობა“.