ალექსანდრე ლაშქარავა ფონიჭალაში იყო, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში დაბრუნდა სახლში - მორიგი ბრიფინგი შსს-ში
შინაგან საქმეთა სამინისტრო "პირველების" გარდაცვლილი რეპორტიორის, ალექსანდრე ლაშქარავას საქმეზე კიდევ ერთ განცხადებას აკეთებს.
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მამუკა ჭელიძის თქმით, ვიდეო-კადრებში ალექსანდრე ლაშქარავას გადაადგილებაა ასახული.
კითხვაზე, რისი თქმა უნდა შსს-ს თ, ჭელიძემ თქვა, რომ საქმესთან დაკავშირებით “საზოგადოების მაღალი ინტერესია”.
"ტელეკომპანია პირველის" ოპერატორი - ალექსანდრე ლაშქარავა მიმდინარე წლის 10 ივლისს, 15:28 სთ-ზე, მოპედით ტოვებს საცხოვრებელ მისამართს.
15:31 სთ-ზე მეგობართან ერთად შედის ბახტრიონის ქუჩაზე ერთ-ერთ აფთიაქში. აფთიაქიდან გამოსვლის შემდეგ იწყებს გადაადგილებას ფონიჭალის დასახლების მიმართულებით, სადაც ფიქსირდება 16:31 სთ-ზე.
აღნიშნულის შემდეგ ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 სთ-ზე ისევ ბრუნდება ფონიჭალაში. საიდანაც გადაადგილდება „დედა ენის ბაღის“ მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი, ხოლო 00:10 სთ-ზე ბრუნდება საბურთალოს ტერიტორიაზე საცხოვრებელ მისამართზე, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში.
მისი დაბრუნების კადრები, ასევე ასახულია საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ გარე ვიდეო-სამეთვალყურეო მოწყობილობებით"- თქვა შსს-ს მაღალჩინოსანმა.