პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული - ევროპარლამენტარები
ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენი ტვ პირველის ოპერატორის, ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალებას ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან და საქმის დამოუკიდებლად გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობენ. უცხოელი დიპლომატები საქართველოს ხელისუფლებას ევროპული ღირებულებების პატივისცემისკენ მოუწოდებენ.
ჩვენ მწუხარებით შევიტყვეთ მედიის ერთ-ერთი დაშავებული თანამშრომლის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ლაშქარავას დაღუპვა და პოლიციის გამაოგნებელი უმოქმედობა ძალადობრივი თავდასხმების ფონზე სრულიად დამოუკიდებლად უნდა იყოს გამოძიებული. ჩვენ მოვუწოდებთ საზოგადოების ყველა წევრს, გამოიჩინონ სიმშვიდე და თავშეკავება, არ წამოეგონ პროვოკაციებზე. ყველა პოლიტიკურმა ძალამ, განსაკუთრებით მმართველმა პარტიამ, უნდა იმუშაოს იმისთვის, რომ პატივი სცენ ევროპულ ღირებულებებს. მედიისა და გამოხატვის თავისუფლება ევროპული ფასეულობებია და ისინი დაცული და გარანტირებული უნდა იყოს, – ვკითხულობთ განცხადებაში.
უცხოელი დიპლომატები ასევე, წერენ, რომ საქართველოში არსებობენ ძალები, რომლებიც ქვეყნის ევროპულ განვითარებას მიზანმიმართულად აფერხებენ.
საქართველო ძალიან სერიოზულ გზაჯვარედინზეა, რომელიც განსაზღვრავს მის განვითარებასა და წარმატებას ან მარცხს უახლოესი ათწლეულების განმავლობაში. ქართველების უმრავლესობამ მტკიცედ და დიდი ხნის წინ აირჩია ევროპული განვითარება და ევროპული ღირებულებები. თუმცა, არსებობენ ძალები, რომლებიც მოქმედებენ, რომ ხელი შეუშალონ საქართველოს პროგრესს ამ გზაზე და შეცვალონ ის.
საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, როდესაც 53 ჟურნალისტი მიზანში იყო ამოღებული და სცემეს თბილისში ღირსების მარშის მოწინააღმდეგე აქციაზე, ერთ-ერთი ასეთი მცდელობაა, – წერენ ევროპარლამენტარები.
ტვ პირველი ოპერატორი ალექსანდრე ლაშქარავა 5 ივლისს რადიკალურმა დაჯგუფებებმა სასტიკად სცემეს, 11 ივლისს კი ის საკუთარმა დედამ გარდაცვლილი ნახა.