GRECO-ს გასაიდუმლოებული ანგარიში - რა ეჭვებს უჩენს ოპოზიციას მთავრობის გადაწყვეტილება

26.04.24 13:36
GRECO-ს გასაიდუმლოებული ანგარიში - რა ეჭვებს უჩენს ოპოზიციას მთავრობის გადაწყვეტილება

ხელისუფლება ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ დასკვნას არ ასაჯაროებს - მთავრობის გადაწყვეტილება ოპოზიციას დამატებით კითხვებს უჩენს და შესაძლო კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვებს უმყარებს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ირაკლი ნადირაძე დარწმუნებულია, რომ ანგარიშში კონკრეტულ შემთხვევებზე იქნებოდა საუბარი შესძლო კორუფციასთან დაკავშირებით და ამიტომ აარიდა თავი მთავრობამ დოკუმენტის გასაჯაროებას. 

ფაქტია, როდესაც ხელისუფლება მალავს ევროსაბჭოს ანტიკორუფციულ დასკვნას, ამას აკეთებს ერთადერთი მიზნით, რომ გადაფაროს ის მძიმე ფაქტები და ის კონკრეტული მაგალითები, რომლიც ამ შენიშვნაშია მოყვანილი, იმიტომ, რომ ყველამ კარგად იცის, რომ იმ ფონზე, როდესაც ხალხი ღარიბდება ქვეყანაში, ქართული ოცნების მაღალჩინოსნები მდიდრდებიან, ხდება პენსიონერი მამების მიერ ნაჩუქარი ასი ათასობით ლარები, ქონებები, მანქანები და ამას ვერ ასაბუთებენ, ეს რა თქმა უნდა, ქართულ ოცნებას აქვს დასამალი,“ - ამბობს ირაკლი ნადირაძე.

კონკრეტული კორუფციული სქემების შესახებ რომ იქნებოდა დოკუმენტში ხაზგასმული, ამაზე საუბრობს "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ირაკლი კუპრაძე.

ქართული ოცნება მალავს სწორედ იმიტომ ევროპული საბჭოს დასკვნას კორუფციის შესახებ, რომ ისინი ცდილობენ, გვერდი აუარონ შესაბამის მტკიცებულებებს და სქემებს, რომელიც მათი რეალური დავალებებით არსებობს და იძარცვება საქართველოს ბიუჯეტი,“ - განაცხადა ირაკლი კუპრაძე.

ძალაუფლების გახანგრძლივება სურთ ნებისმიერ ფასად - ასე ხსნის ანა ბუჩუკური მთავრობის გადაწყვეტილებას და იხსენებს შესაძლო კორუფციულ ფაქტებს, რაზეც ოცნებამ ოპოზიციას საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა არ მისცა. 

რატომ არ შეგვაქმნევინეს კეზერაშვილზე საგამოძიებო კომისია, რატომ არ შეგვაქმნევინეს კორუფციის ბრალდებით დასანქცირებული მურუსიძე-ჩინჩალაძის შესახებ საგამოძიებო კომისია - ყველაფერს აქვს ერთი მარტივი ჭეშმარიტი პასუხი, ძალაუფლების გახანგრძლივება ნებისმიერ ფასად,“ - ამბობს ბუჩუკური.

საქართველო უარს აცხადებს ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) მიერ მომზადებული ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშის გასაჯაროებაზე.  

GRECO-ს ვებსაიტზე მითითებულია, რომ შეფასების ანგარიში საჯაროედება მხოლოდ მაშინ, როდესაც ამა თუ იმ ქვეყნის ხელისუფლება დათანხმდება, რომ კონფიდენციალობა მოიხსნას.

საქართველოს მთავრობა ევროპის საბჭოს GRECO-ს ანტიკორუფციული შეფასების ანგარიშს რომ მალავს, ამაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" საუბრობდა. როგორც ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოსს მთავრობას ამ დრომდე არ გამოუქვეყნებია მონაცემები, რომელიც კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის მიერ ჩვენი ქვეყნის შესახებ არის მომზადებულია. არადა ეს დოკუმენტი უკვე დამტკიცებულია.

 

მსგავსი სიახლეები