"ნუ უღალატებთ ქვეყანას" - თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ

26.04.24 13:47
"ნუ უღალატებთ ქვეყანას" - თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ

 

 

თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე რუსული კანონის წინააღმდეგ - "ქართული ოცნების" წევრი ლევან ბერძენაშვილი პარლამენტს და მთავრობას რუსული კანონის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს.

ლევან ბერძენაშვილი მიმართავს ხელისუფლებას, რომ მოისმინონ პარტნიორების განცხადებები და უკან გაიწვიონ კანონი, რომელიც ქვეყნის ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის. წინააღმდეგ შემთხვევაში თელავის საპროცედურო და იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე პირობას დებს, რომ დატოვებს "ქართულ ოცნებას" და ასევე თანამდებობას თელავის საკრებულოში. 

"უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციასთან, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას" - ამბობს ბერძენაშვილი და მთავრობას გონივრული ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს. 

მე, როგორც იურისტი, მე, როგორც ორი შვილის მამა, მე, როგორც თელავის სახელწმიფო უნივერსიტეტის ყოფილი ლექტორი, მე, როგორც თქვენი შვილების დამცველი, ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონის ბოლომდე გატანას და მიღებას, ვინაიდან თეთრი სახლი, ევროკავშირი მოგიწოდებთ 425 ხმით 25-ის წინააღმდეგ, 30-მა თავი შეიკავა, ყველა პარტნიორი, ლიდერი ქვეყნის წარმომადგენელი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მიიღებთ, შეიძლება დაკარგოთ ვიზალიბერალიზაცია, დაკარგავთ კანდიდატის სტატუსს, დაკარგავთ ყველაფერს, რაც ევროპას უკავშირდება.

ამიტომ მე ცალსახად ვეწინააღმდეგები ამ კანონს და უმორჩილესად ვთხოვ საქართველოს მთავრობას, პარლამენტს, ეს კანონი გაიწვიოს უკან და თქვენს წინაშე ვდებ ფიცს, თუ ეს არ მოხდება დავტოვებ პარტია ქართულ ოცნებას, დავტოვებ ფრაქცია ქართულ ოცნებას და დავტოვებ თანამდებობას, ამას გპირდებით. ეს არის ჩემი თხოვნა საქართველოს მთავრობასთან და ხელისუფლებასთან, უმორჩილესად გთხოვთ, ნუ დაარღვევთ საქართველოს კონსტიტუციასთან, ნუ წახვალთ ანტიკონსტიტუციური გზით, ნუ უღალატებთ თქვენს ქვეყანას, კიდევ არის შანსი, როგორც ერთი დეპუტატი თელავის საკრებულოდან, გთხოვთ, უმორჩილესად ეს კანონი უკან გაიწვიეთ,“ - ამბობს ლევან ბერძენაშვილი.

ბერძენაშვილი 2021 წლის 3 დეკემბრიდან არის თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი და სამანდატო, საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები