"არასწორია", "ცილისწამებაა" - რას პასუხობენ სასულიერო აკადემიის სტუდენტების ბრალდებებს სასწავლებელში?
მუქარა ახალგაზრდებზე და დაშინების მცდელობა - სასულიერო აკადემიის სტუდენტების ბრალდებებს სასწავლებელში პასუხობენ.
თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამტკიცებს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება სტუდენტების მონაყოლი, თითქოს მათ „ქართული ოცნების“ მიერ ორგანიზებულ კონტრაქციაზე წასვლას აიძულებენ.
ამ საკითხზე, რომ სტუდენტი უნდა წავიდეს თუ არ უნდა წავიდეს აქციაზე, ჩვენთან არავის უსაუბრია. ამდენად, წარმოუდგენელია, რომ რომელიმე პედაგოგმა საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს, რომ აიძულოს სტუდენტი, მონაწილეობა მიიღოს რომელიმე აქციაში, იქნება ეს ოპოზიციის მხრიდან თუ იქნება ეს მეორე მხრიდან. ასეთი რამ სასულიერო აკადემიას არ შეშვენის. სასულიერო აკადემიაში ასე არ წყდება ეს საკითხები. არსებობს სამეცნიერო საბჭო, არსებობს ფაკულტეტის საბჭო, არსებობს ადმინისტრაცია და ყველა ეს ორგანო მუშაობს უმაღლესი კომპეტენტურობით და გამორიცხულია, რომ ყურადღების მიღმა დარჩეს ის საკითხი, რომლის შესახებაც თქვენ ბრძანებთ. წარმოუდგენელია, რომ სასულიერო აკადემია, რომელიც ეკლესიის წიაღშია დაფუძნებული, ასეთი საკითხები უკავშირდებოდეს. ეს არის არასწორი ინფორმაცია, მაგრამ მე გავერკვევი ამაში აუცილებლად და ობიექტური და ამომწურავი ინფორმაციით დაგიბრუნდებით", - ამბობს ზვიადაძე.
მედეა ღლონტი, ქეთევან მამასახლისი, დურმიშხან ლაშხი - სტუდენტის ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის ეს სამი ლექტორი ახალგაზრდებს "ქართული ოცნების" მიერ დაანონსებულ კონტრაქციაზე წასვლას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხევაში ემუქრებოდნენ.
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ირწმუნება, რომ სამივე პედაგოგს დაუკავშირდნენ, რომლებიც უარყოფენ მსგავს მოწოდებებს სტუდენტებთან და მათზე მუქარას და აცხადებენ, რომ ახალგაზრდები მათ ცილს სწამებენ.
რაც შეეხება მის პოზიციას რუსულ კანონთან და დაანონსებულ კონტრაქციასთან, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე ამბობს, რომ „ოცნების“ აქცია რუსული მარში არ არის.
ბესარიონ ცინცაძე დაუკავშირდა სამივე პედაგოგს, რომელთაც, რა თქმა უნდა, ბრძანეს, რომ მსგავს რამეს ადგილი არ ჰქონია, რომ მათ ეს არ გაუკეთებიათ, ამიტომ ეს არის ცილისწამება. არ გვაქვს ეს ინფორმაცია არ პრორექტორისგან, არც დეკანისგან. ეს რუსული მარში არ არის და არც ეს აქცია რუსული არ არის. თუ ვინმეს ექნება სურვილი და თავად გადაწყვეტს, რომ შეუერთდეს აქციას, ეს მისი პიროვნული ნებაა, - ამბობს პროტოპრესვიტერი.
მუქარა სტუდენტებზე და ახალგაზრდების დაშინების მცდელობა - "პირველების" ინფორმაციით, სასულიერო აკადემიის სტუდენტს "ქართული ოცნების" დაგეგმილ აქციაზე წავლას აიძულებენ. ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტი "პირველებთან" ყვება, რომ კონტრაქციის დაანონსების შემდეგ ლექტორების მხრიდან სტუდენტების მიმართ ერთგვარი რეპრესიები დაიწყო. მან განცხადება უკვე დაწერა და სასულიერო აკადემია პროტესტის ნიშნად დატოვა.