ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე - უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი - ხაბეიშვილი

26.04.24 18:39
ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე - უნდა დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი - ხაბეიშვილი

„ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი თუ ამას დასავლეთი გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს. ამის თავიდან ასაცილებლად კი მხოლოდ ერთი გზა არსებობს - დავასრულოთ ივანიშვილის რუსული რეჟიმი,“- ეს განცხადება "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ბათუმში გამართულ ღონისძიებაზე - კი ევროპას, არა რუსულ კანონს! გააკეთა.

ხაბეიშვილის თქმით, ივანიშვილის მიზანია საქართველოს ევროპისგან ჩამოშორება და რუსეთთან დაახლოება, რაც ხალხმა არ უნდა დაუშვას. 

„ერთი წამით წარმოიდგინეთ, ლარი შეიძლება რამდენიმე წამში გახდეს კუპონი. თუ ამას დასავლეთი, ევროპა გადაწყვეტს და ჩვენ მოვექცევით ეკონომიკურ ბლოკადაში, თუ იქნება სანქციები, თუ ვიზალიბერალიზაციას  დაემუქრება საფრთხე, თუ ცივილიზებული სამყარო ჩვენზე იტყვის უარს, აუცილებლად ჩვენი ლარი გახდება კუპონი. ჯერ ისედაც გაძვირებულია ყველაფერი, ამ ლარს ფასი არ აქვს, ადამიანებს ამდენი პრობლემა აქვს და ივანიშვილს კიდე ძალიან ბევრი დოლარი აქვს, არ ნერვიულობს, გასაქცევიც ექნება სადმე და ფიქრობს ალბათ, აიღებს ამ ჩემოდნებს და უკაცრავად, მაგრამ ხალხმა რა უნდა ქნას? ჩვენ ჩვენი შვილების მომავალი ივანიშვილს გავატანოთ რუსეთში და საქართველო რუსეთის გუბერნია გახდეს? 

წესიერ ადამიანს, რომლებიც ინახავენ ოჯახებს, ემიგრაციაში არიან გაქცეულები კარგად ესმით, რომ ეს რუსული კანონი არის პრობლემა ჩვენი ევროპული მომავლისთვის. მე მინდა კიდევ ერთხელ მინდა მივმართო ბიზნესმენებს, წესიერ ხალხზე ვლაპარაკობ, ვინც ბიზნეს აკეთებს ამ ქვეყანაში და დოვლათს ქმნის - ამ კანონის მიღება ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი გააუქმებს ამ ქვეყანას და მერე თქვენ რომ მოგადგებიან და „გაკულაკებას“ დაიწყებენ, თუ გგონიათ რომ ივანიშვილი ამას არ იკადრებს? ამას კი არა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის აზრიც არ აინტერესებს, არცერთი ჩვენი დასავლელი პარტნიორის აზრი ამათ არ აინტერესებთ და თქვენთან რომ მოვლენ, გაჩუმებულები რომ ხართ, ეს არ არის სწორი. ყურები გამოიბერტყეთ, თვალები გაახილეთ, სამშობლოს გვართმევენ და თქვენ რომ სიმდიდრე გგონიათ ეგ არაფერი არ არის, „გაგაკულაკებენ“, წაგართმევენ მაგ ბიზნესებს და ივანიშვილი ჩაიდებს ჯიბეში. კანონიც ისეთი შემოაქვთ, რომ მილიარდს შემოიტანს, შავ ფულს და ლარსაც არ გადაიხდის. რამდენი ადამიანი იწერს 300-400 ლარიან ნივთს და ჯიბეში გიძვრებიან.  უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის თითოეული ქართველის ბრძოლა, ჩვენი ევროპული მომავალი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ძალიან ეკლექტური საზოგადოებაა აქ წარმოდგენილი, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების,  სხვადასხვა პოლიტიკური შეხედულების და მინდა გამოვეხმაურო თელავის საკრებულოში „ქართული ოცნების“ წევრმა, კომისიის თავმჯდომარემ ძალიან მამაცური განცხადება გააკეთა და მივესალმოთ ამ ადამიანს, რომელმაც დაგმო რუსული კანონი. უნდა გვესმოდეს, რომ არანაირი ქვების სროლა, არანაირი პარტიული დაყოფა. იმ „ქართული ოცნების“ მომხრეებსაც, საკრებულოს წევრებსაც არ სურთ საქართველო დაშორდეს ევროპულ ორბიტას და ამ ევროპას მოჰყვება ეკონომიკური კეთილდღეობა. სიღრმეებში რომ ჩავიდეთ საუბარია დაახლოებით 50 მილიარდი დოლარის ინვესტიციაზე, რაც საქართველო თუ გახდება ევროკავშირის წევრი ქვეყანა და აუცილებლად გახდება, ამ ოდენობის თანხებზეა საუბარი და აქ დგას ახლა ბიძინა შუაში. კარგია, რომ ამ ადამიანმა ეს განცხადება გააკეთა მიუხედავად იმისა, რომ სხვა პარტიაშია, სხვა პოლიტიკური შეხედულებები აქვს. ხვდება, რომ მის შვილს მომავალს ართმევენ,ქვეყანას მომავალს ართმევენ და ამიტომ მე მოვუწოდებ ყველა, ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ეროვნული საკითხი, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. აქაც განსხვავებული შეხედულების ადამიანები ვართ შეკრებილები და მე მინდა ყველა მათგანს გადავუხადო მადლობა, რადგან ჩვენთვის ახლა არსებობს მხოლოდ ერთი საფრთხე და ეს არის ივანიშვილი თავისი რუსული კანონით. 

და ბოლოს, ბათუმიდან, არ შემიძლია არ ვახსენო პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა ბათუმისთვის, არ შეიძლება მის პოლიტიკურ პატიმრობას არ შევეხოთ. არ შევეხოთ რეზოლუციას, რომელიც გუშინ იქნა მიღებული, იგივე ვიზალიბერალიზაციის პრობლემაზე, პოლიტიკურ დევნაზე. ჩვენ არაფერს ვითხოვთ გარდა ერთისა, მისცენ მიხეილ სააკაშვილს უფლება ელაპარაკოს მის ხალხს, თქვენ გელაპარაკოთ და ხალხმა გადაწყვიტოს როგორი ქვეყანა უნდა, როგორი კანონი უნდათ, როგორი კოალიციური მთავრობა უნდათ. ჩვენ ხომ არ ვამბობთ, რომ პოლიტიკური პარტიები დავსხდებით და ჩვენ გადავწყვეტთ. დემოკრატია არის ხალხის მმართველობა და ამიტომ ივანიშვილს, კობახიძეს თუ არ ეშინიათ, უმნიშვნელოვანესია ყველა პოლიტიკურ ლიდერს ჰქონდეს თანაბარი პირობები და მითუმეტეს იმ ადამიანს, რომელსაც ამ ქვეყნისთვის უკეთებია და დარწმუნებული ვარ კიდევ ბევრს გააკეთებს. ამ ბრძოლას აუცილებლად მოიგებს ქართველი ხალხი!“ -  განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.
 

მსგავსი სიახლეები