14 სენატორის უმძიმესი წერილი - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი
პარლამენტის თავმდჯომარე შალვა პაპუაშვილი 14 სენატორის უმძიმეს წერილს იმედგამაცრუებელს უწოდებს და ამერიკას მოუწოდებს, კრიტიკის ნაცვლად იმ თანხების წარმომავლობა გაასაჯაროონ, რაც საქართველოში შტატებიდან შემოდის.
პაპუაშვილი ისევ ამტკიცებს, რომ ამერიკიდან შემოსული ფულით შემოვლითი გზებით ოპოზიცია და რადიკალური ჯგუფები ფინანსდებიან.
„ცოტა საკვირველი და იმედგამაცრუებელია, რა თქმა უნდა, ასეთი პოზიციები. გასაკვირია იმის, გამო, რომ ქვეყანა, რომელშიც უფრო მკაცრი კანონები მოქმედებს, ჩვენ მოგვიწოდებს, რომ არ მივიღოთ ასეთი კანონი. იმედგამაცრუებელია იმიტომ, რომ ის ღირებულებები, რომელზეც არის ხოლმე საუბარი და რომელზეც ჩვენ გვესაუბრებიან, თავად არ არის სრულად ამ ღირებულებების ფარგლებში, რომ გამჭვირვალობა განმსაზღვრელი პრინციპია, რომ კანონის უზენაესობა და დემოკრატია მთავარი პრინციპია. საბოლოო ჯამში, ჩვენთვის, კიდევ ერთხელ, გადამწყვეტია ის, რომ ამ სფეროში გვქონდეს გამჭვირვალობა და ამ მოწოდებების ფონზე, გასაკვირია, რომ ამდენი მოწოდების ნაცვლად, ხომ უფრო მარტივი იქნებოდა თუნდაც კონგრესისთვის ან სენატისთვის, რომ იზრუნონ და გასაჯაროვდეს ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული ფული. ჩვენ ვიცით,რომ ამერიკის დემოკრატიის ნაციონალური ფონდი არ ასაჯაროებს, თუ რა პროექტებს აფინანსებს საქართველოში მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად მქონდა მათთან კომუნიკაცია ერთი წლის განმავლობაში. დამპირდნენ,რომ გასაჯაროვდებოდა, რამდენჯერმე და ეს სიტყვა არც ერთხელ არ შესრულდა. დღემდე დაფარულია რაში იხარჯება ეს ფული და შემდეგ, შემთხვევით ვიგებთ ხოლმე, რომ აშშ-ის ბიუჯეტიდან ფული, ამერიკელი მოქალაქეების ფული იხარჯება შემოვლითი გზით პარტიების დაფინანსებაში, რადიკალური ჯგუფების დაფინანსებაში, დეზინფორმაციული ჯგუფების დაფინანსებაში, რაც რა თქმა უნდა, კარგი არ არის ქართული საზოგადოებისთვის და საბოლოო ჯამში, ჩრდილს აყენებს თავად ამერიკულ დახმარებას საქართველოში. ამიტომ, ნაცვლად ამ მოწოდებებისა და განცხადებებისა უფრო მარტივი საკითხი იქნებოდა, რაც მათ ხელში არის, გაასაჯაროონ ამერიკის ბიუჯეტიდან საქართველოში შემოსული თანხები“, - განაცხადა პაპუაშვილმა.
პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა - ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ "ოცნებას" ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.