სერიოზული პრობლემის წინაშე ვდგავართ, ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები შეიძლება, დაზიანდეს - ფხალაძე
ექსპერტი საერთაშორისო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების საკითხებში, თენგიზ ფხალაძე ამერიკასთან ურთიერთობის დაზიანების საფრთხეებზე საუბრობს და ამბობს, რომ "ოცნებამ იმდენად შელახა ქვეყნის ინტერესი შტატებთან, რომ ამას რუსული კანონის უკან გაწვევამაც შეიძლება ვეღარ უშველოს.
ჩვენ ვდგავართ ძალიან სერიოზული პრობლემის წინაშე, რამაც ქვეყნის გრძელვადიანი ინტერესები შეიძლება ისე დააზიანოს, რომ მერე უკვე საუბარი იმაზეც კი შეიძლება არ იყოს, რომ ეს კანონი უკან დაბრუნდება თუ კანონპროექტი უკან გაიწვევა თუ არ გაიწვევა. იმდენად შეილახა ქვეყნის ინტერესი, რომ ძალიან ძნელი იქნება თუნდაც იმ ნიშნულზე დაბრუნება სადაც ვიყავით. ახლა შტატებთან დაკავშირებით ვუსმენდი სიუჟეტს და ხომ არ გახსენდებათ ბოლოს როდის გაიმართა სტრატეგიული ქარტიის სხდომა შტატებთან. რამდენიმე წელია არ გამართულა. ჩვენი ურთიერთობები უკვე დაზიანდა", - ამბობს ფხალაძე.
პერსონალური სანქციები, სავიზოო შეზღუდვა და დაფინანსების შეწყვეტა - ცნობილი ხდება, რა ფასი დაუჯდება "ქართულ ოცნებას" რუსული კანონის მიღება. ამერიკა საქართველოსთან პოლიტიკის შეცვლას და ურთიერთობების გაფუჭებას აანონსებს. ასეთი მძიმე და ასეთი კრიტიკული გზავნილი ვაშინგტონს თბილისისთვის არასდროს ჰქონია. უპრეცედენტო დოკუმენტზე ხელს 14 გავლენიანი სენატორი აწერს. წერილს რუსული კანონის მხარდამჭერ პრემიერ კობახიძეს უგზავნიან. შტატებიდან ქართულ "ოცნებას" ღიად და გადაჭრით ეუბნებიან, რომ რუსული კანონი ამერიკას და ევროკავშირს მავნე აქტორებად აცხადებს, რასაც არავის აპატიებენ. სკანდალური წერილი ამერიკის ხმამ გაასაჯაროა.