"მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი“ - საჯარო მოხელეების მიმართვა პარლამენტარებს

27.04.24 20:05
"მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი“ - საჯარო მოხელეების მიმართვა პარლამენტარებს

„მოგიწოდებთ, გაიწვიოთ კანონპროექტი - საჯარო მოხელეები რუსულ კანონთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავენ და საშიში კანონპროექტის უკან გაწვევას ითხოვენ.

საჯარო მოხელე ნანა მალაშხიამ, საჯარო მოხელეების სახელით პარლამენტარებისთვის მიმართვა მოამზადა საჯარო მოხელეები ამბობენ, რომ კანონპროექტი ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა.

"ჩვენ, საჯარო მოხელეები, წლების მანძილზე, ჩვენი კეთილსინდისიერებითა და პროფესიონალიზმით ვემსახურებით საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და სწორედ ამ დაუღალავი შრომისა და ქართველი ხალხის ბრძოლის შედეგად, საქართველოს 2023 წლის ბოლოს მიენიჭა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ჩვენ ამაყი ვართ, რომ წილად გვხვდა პატივი ვიყოთ ამ ისტორიული პროცესის უშუალო თანამონაწილეები.

დღეს, ჩვენი მრავალწლიანი შრომის შედეგი და ჩვენი შვილების ევროპული მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახალი ინიციირებითა და მისი მიღების მცდელობით. ჩვენმა მეგობრებმა, ქვეყნის სტრატეგიულმა პარტნიორებმა ერთმნიშვნელოვნად განაცხადეს, რომ ამ კანონპროექტის მიღება საქართველოს დემოკრატიულ განვითარებასა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს შეაჩერებს.

ჩვენ, საჯარო მოხელეები, ვემსახურებით რა ჩვენს ქვეყანას, მის შეუქცევად განვითარებასა და ჩვენი თითოეული თანამოქალაქის კეთილდღეობას, უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციის დაცვა, ჩვენი ისტორიული მიზნის მიღწევა - საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობა. ჩვენ, საჯარო მოხელეები, მოგიწოდებთ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტი, რომელიც ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყნისთვის გადაულახავ წინაღობად იქცა, გაწვეულ იქნეს და მოგვეცეს შესაძლებლობა გავაგრძელოთ მუშაობა კონსტიტუციის 78-ე მუხლის შესასრულებლად", - წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები