"ოცნება" რუსული მარშისთვის ემზადება - ვინ გაჰყავს ხელისუფლებას ქუჩაში?

28.04.24 11:23
"ოცნება" რუსული მარშისთვის ემზადება - ვინ გაჰყავს ხელისუფლებას ქუჩაში?

ევროპული მარშის საპირწონედ პროტესტის რეჟიმში გადასული ხელისუფლება რუსული მარშისთვის ემზადება. პარლამენტის სასახლე ისევ რკინის ღობეების ალყაშია მოქცეული. 29 აპრილს ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლება გეგმმავს, რუსული კანონი დაიცვას.

ვინ გაჰყავს ხელისუფლებას ქუჩაში? "შაბათის ეთერის" ჟურნალისტური გამოძიებითაც დადგენილია, რომ რუსთაველის გადავსებას უფუნქციო საჯარო მოხელეებით გეგმავენ. ადამიანებით, რომლებიც სახელმწიფოს ხარჯზე ხელფასებს არაფრის კეთებაში იღებენ. ამ ჟურნალისტურ გამოძიებაში მესამე სექტორის წარმომადგენლებმა სისხლის სამართლის შესაძლო დანაშაულის კვალი დაინახეს. 

მე დარწმუნებული ვარ, რომ უდიდესი ნაწილი ამ აქციაზე მიჰყავთ იძულებით, დაშინებით. ამის არაერთი ფაქტი მოვისმინეთ. ეს არის უკანონობა, ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და ყველა საჯარო მოხელეს აქვს უფლება, ისარგებლოს თავისი უფლებით, არ მიიღოს მონაწილეობა ისეთ ქმედებაში, რომელიც თავის სურვილს არ შეესაბამება და უფრო მეტიც, შეუძლიათ, მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს ამ ფაქტის გამოძიების მოთხოვნით, - ამბობს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ყოფილი უფროსი ლონდა თოლორაია. 

„საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ ხელისუფლება საჯარო სექტორში ასაქმებს ადამიანებს, რომელსაც შემდეგ საკუთარი მიზნებისთვის იყენებს. 

საქართველოში ყოველწლიურად იზრდება დაქირავებულ პირთა წილი საჯარო სამსახურში და ამ ეტაპზე შეადგენს 36% დასაქმებული მოსახლეობის, რაც ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება მიზან მიმართულად ზრდის ბიუჯეტზე დამოკიდებულ პირებს მხოლოდ იმიტომ, რომ შემდგომ, მსგავს შემთხვევებში, მასზე ეს კონტროლი გამოიყენოს და იძლების გზით, შანტაჟის გზით და იმ განცდით, რომ შეიძლება ეს სამსახური დაკარგონ ადამიანებმა, წაიყვანონ ისეთ აქციებზე, როგორიც არის ორშაბათს ე.წ. რუსული მარში, - ამბობს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ თავმჯდომარე ედუარდ მარიკაშვილი. 

მსგავსი სიახლეები