თავისუფლების მოედანზე კორდონი მოხსნეს - რობოკოპები ტერიტორიას სავარაუდოდ ტოვებენ
საიას და სახალხო დამცველის განცხადებების შემდეგ, თავისუფლების მოედანზე სპეცდანიშნულების კორდონი მოხსნეს. "პირველების" კორესპოდენტის ცნობით, რობოკოპები ტერიტორიას ეტაპობრივად ტოვებენ.
თავისუფლების მოედანზე კვლავ რჩება რკინის ბარიკადები, საპოლიციო დანაყოების ნაწილი ავტომობილებში მოათავსეს. მოედანზე რჩებიან შსს-ს წარმომადგენლები. კადრებში ჩანს წყლის ჭავლის ავტომობილებიც.
საქართველოს სახალხო დამცველი შსს-ს მიმართავს, არ გამოიყენოს ძალა პარლამენტთან მიმდინარე შეკრების მშვიდობიანი მონაწილეების მიმართ.
ლევან იოსელიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე არ არსებობს პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენების წინაპირობა, პარალელურად სახალხო დამცველი მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, „არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს“.
განცხადება გაავრცელა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამაც - საია შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, „არ გამოიყენოს აქტიური სპეციალური საშუალებები მშვიდობიანი დემონსტრანტების მისამართით, და, არ გამოიყენოს ისინი ჩვეული უკანონო პრაქტიკით”.
განცხადების მიხედვით, "(00:08) არ არსებობს მშვიდობიანი აქციის დაშლის კანონისმიერი წინაპირობა".