შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირით და ამერიკით - წულუკიანი ჟურნალისტებს
"შეწყვიტეთ ჩემი შეშინება ევროკავშირით და ამერიკით" - ასე მიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ჟურნალისტებს. ჟურნალისტის კითხვა 5 ივლისის თემაზე დასავლეთის გამოხმაურებას ეხებოდა.
შეწყვიტეთ ჩემი და ჩემნაირი საქართველოს სხვა მოქალაქეების უმრავლესობის დაშინება და შეშინება ევროკავშირითა და ამერიკით, ჩვენ ამ დაშინებით არ შევიცვლით ჩვენ ორიენტაციას, ეს არის ევროატლანტიკური ორიენტაცია. მეც ვხდები თქვენი აგრესიის ობიექტი, მაგრამ თქვენი არ მეშინია", - მიმართა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს.
წულუკიანის მტკიცებით, ღარიბაშვილის 5 ივლისს გაკეთებული განცხადება არა ძალადობისკენ მოწოდება, არამედ გაფრთხილება იყო.
თქვენ 5 ივლისის პრემიერის განცხადება გაქვთ ამოჩემებული და სწორედ თქვენი და სხვა ტელევიზიები ასაღებთ ისე, რომ თითქოს პრემიერმა როდისმე ძალადობა მოიწონა, ან წაახალისა. პირიქით, პრემიერმა თქვა ის, რაც უნდა ეთქვა ყველა ლიდერს, თავი შევიკავოთ ამა და ამ ადგილზე, საუბარი იყო რუსთაველის გამზირზე, შეკრებისაგან და ამით მან მიმართა თავის დროზე 5 ივლისს ლგბტ თემს, სამწუხაროა, რომ ლგბტ თემმა არ გაითვალისწინა ეს მოწოდება, რომელიც მათი ინტერესებიდან იყო გამომდინარე. მეტიც, მთავრობამ და მისმა მეთაურმა შესთავაზა ლგბტ თემს კი არ გადაედოთ გვერდზე, არამედ შეკრება ჩაეტარებინათ სხვაგან. მესმის, თქვენ ზოგიერთ მედიას და ოპოზიციურ პარტიებს, რომელთა მიზანი არის პროვოკაციების კასკადი, რომელიც გაძლიერდება არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს არ მოეწონათ. ლგბტ თემმა პრემიერის მაშინდელი განცხადება არ გაითვალისწინა.
ქართული პოლიციის შესაძლებლობები არ გახლავთ ამოუწურავი, ამიტომ პოლიცია და შს მინისტრი, როცა გვაძლევს რჩევას, გამოხატვის განხორციელება განვახორციელოთ, მაგრამ გვთავაზობს სხვადასხვა მისაღებ გზას, ამას ჰქვია სახელმწიფოსთან თანამშრომლობა და უნდა გავიგონოთ", - ამბობს წულუკიანი.