საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ მოგზაურობას 28 მაისიდან შეძლებენ
28 მაისიდან, საქართველოს მოქალაქეებს შეეძლებათ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში უვიზოდ გაემგზავრონ, არაუმეტეს 30 დღისა. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ჩინეთში მთლიანი ყოფნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს ნებისმიერ 180 დღიან პერიოდში.
უვიზოდ გამგზავრება შესაძლებელია შემდეგი მიზნებით:
- ტურისტული მოგზაურობა;
- საქმიანი ვიზიტი.
უწყების ცნობით, საქართველოს მოქალაქეს, ჩინეთში ხანგრძლივი პერიოდით გამგზავრების შემთხვევაში ( 30 დღეზე მეტი), ასევე სამუშაოდ, სასწავლებლად, მედია-ღონისძიებებზე დასასწრებად და სხვა მიზნით, ესაჭიროება შესაბამისი ვიზა.
26 თებერვალს ცნობილი გახდა, რომ ჩინეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს აწესებს.