ბიძინა ივანიშვილი, ოთხი პარტიული ლიდერი და სამი ახალგაზრდა - "ოცნების" დღის წესრიგი ცნობილია

29.04.24 16:09
ბიძინა ივანიშვილი, ოთხი პარტიული ლიდერი და სამი ახალგაზრდა - "ოცნების" დღის წესრიგი ცნობილია

ბიძინა ივანიშვილი, ოთხი პარტიული ლიდერი და სამი ახალგაზრდა - ასეთი დღის წესრიგით წარიმართება დღეს ევროკავშირის საწინააღმდეგო აქცია.

რუსთაველის გამზირზე ოლიგარქის დასახვედრად სივრცე უკვე მოწყობილია, სცენა უკვე დაამონტაჟეს, ხმის გამაძლიერებლები დააყენეს და ახლა ხალხს რეგიონებიდან ელოდებიან.

"ოცნების" ორგანიზებული რუსული მარში ზუსტად რვა საათზე დაიწყება და ერთი საათი გაგრძელდება. როგორც "პირველებს" უყვებიან, სამთავრობო აქციაზე, მხოლოდ და მხოლოდ, საქართველოს ჰიმნი გაჟღერდება.

რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე არ ამხელს, თუ ვინ შეასრულებს საქართველოს ჰიმნს, თუმცა დასძენს, რომ მოქალაქეები ღონისძიებაზე ევროკავშირის ჰიმნს ვერ მოუსმენენ.

ყველა ადამიანს, რომელიც დღეს მობრძანდება რუსთაველის გამზირზე, ვუსურვებ, რომ მოახერხოს და კარგ ადგილას დადგეს, რადგან ძალიან ბევრი ხალხი იქნება. ყველაფერი ვეცადეთ ტექნიკურ ჯგუფებთან ერთად, რომ ყველა მოსულ ადამიანს შესძლებოდა ენახა ის, რაც მოხდება სცენაზე. სუფთა პოლიტიკური შეხვედრაა, სადაც გამოდიან ლიდერები, ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები. ღონისძიება გაიხსნება ჰიმნით და ეს იქნება სიურპრიზი. ევროკავშირის ჰიმნი არ გაჟღერდება, იქნება მხოლოდ საქართველოს ჰიმნი. ეს ღონისძიება არის "ქართული ოცნების" მომხრეებთან შეხვედრა და მე მგონია, რომ ამ შეხვედრაზე პოლიტიკური ლიდერები იტყვიან ისეთ რამეს, რაც ადამიანებისთვის საინტერესო იყოს. რა დოზითაც შეიძლება, რომ რეჟისურა ჩაერიოს, ჩემი პოზიცია იყო, რომ არ იყო აქ კონცერტის მოწყობა საჭირო. მითუმეტეს მძიმე კვირა დაიწყო და ქრისტიანებისთვის მძიმე კვირაა. ეს იქნება პოლიტიკური ღონისძიება, სადაც პოლიტიკოსები გამოვლენ", - ამბობს რეჟისორი ბაკურ ბაკურაძე.