არცერთი თაობის წინააღმდეგ არ მივდივართ - "ქართული ოცნების" კონტრაქციას თავდაცვის მინისტრი უერთდება
"ქართული ოცნების" კონტრაქციას თავდაცვის მინისტრი უერთდება - ირაკლი ჩიქოვანი ამტკიცებს, რომ მისი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული კანონი რუსული არ არის და ირწმუნება, რომ ამ საკითხზე "სპეკულაციებს" აქვს ადგილი.
ერთადერთი რა მოთხოვნაც არსებობს, ეს არის გამჭვირვალობის მოთხოვნა. გამჭვირვალობის, იმ რესურსების, ფინანსებისა, რომელიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში იმ ადამიანების მიერ, რომლებიც გარკვეულ მონაწილეობას იღებენ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაში, კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღებაში და საზოგადოებასთან ურთიერთობაში. არავის საწინააღმდეგო არაფერი არ აქვს. აქ სრული სპეკულაციაა, რომ დღეს ამ კანონს ვიღაცები ეძახიან რუსულ კანონს. ეს კანონი არის გამჭვირვალობის კანონი და არის ქართული კანონი", - ამბობს ჩიქოვანი.
თავდაცვის მინისტრი რუსული კანონის მიმართ სტრატეგიული პარტნიორების შეშფოთებასთან დაკავშირებითაც საუბრობს და პირდაპირ აცხადებს, რომ მიუხედავად ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპარლამენტარების პოზიციისა, ივანიშვილის ხელისუფლება ქვეყნისთვის ყოველთვის დადებით შედეგს დებს.
პარტნიორების ბევრი პოზიცია მოვისმინეთ. ჩვენ ვაფასებთ ამ პოზიციებს, მაგრამ შეგვიძლია, ბევრი პოზიციაც გაგახსენოთ უკანასკნელ პერიოდში, როდესაც იყო პოზიცია და ვნახეთ ჩვენ, რომ შედეგი რისთვისაც მიგვიღწევია, ყოფილა პოზიტიური და დადებითი - აცხადებს თავდაცვის მინისტრი.
ირაკლი ჩიქოვანი ევროპული ღირებულებების გარშემო გაერთიანებული ადამიანების მასობრივ პროტესტსაც ეხმაურება და დასძენს, რომ "ქართული ოცნება" შვილების თაობის წინააღმდეგ არ მიდის.
მეტიც, ვიცე-პრემიერის თქმით, ხელისუფლება საქართველოში მცხოვრები ყველა თაობის ინტერესების დასაცავად მოქმედებს.
არცერთი თაობის წინააღმდეგ არ მივდივართ. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყველა თაობას აერთიანებს სამი მთავარი ღირებულება. ეს არის - ენა, მამული და სარწმუნოება", - ამბობს ირაკლი ჩიქოვანი.