ივანიშვილის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალებად ვაფასებთ, სამშობლო საფრთხეშია! - ნიკა გვარამია

30.04.24 12:44
ივანიშვილის განცხადებას სახელმწიფო გადატრიალებად ვაფასებთ, სამშობლო საფრთხეშია! - ნიკა გვარამია

ივანიშილის გუშინდელ განცხადებებს პარტია "ახალის" ლიდერი ნიკა გვარამიას სახელმწიფო გადატრიალების მცდელობად აფასებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

ოპოზიციონერი ლიდერი ფიქრობს, რომ ოლიგარქმა ორმაგი თამაში შეწყვიტა და ევროინტეგრაციისთვის ძირის გამოთხრის გზას ღიად დაადგა. 

გვინდა გამოვეხმაუროთ ივანიშვილის გუშინდელ ზიზღით სავსე, შუღლის მთესველ, აგრესიულ, მუქარებით სავსე განცხადებას. ჩვენ ამ განცხადებას ვაფასებთ, როგორც სახელმწიფო გადატრიალებას და ქართული ისტორიული განვითარების ხაზის რადიკალურ მცდელობას. ბიძინა ივანიშვილმა შეწყვიტა ორმაგი თამაში. ერთი მხრივ, ვითომ ევროინტეგრაციაზე ზრუნვა, მაგრამ სინამდვილეში, ევროინტეგრაციული ხაზისთვის ძირის გამოთხრის პოლიტიკა, რომელსაც რეალურად ის დაადგა აბსოლუტურად ღიად და სწორხაზოვნად. გუშინ მამულზე გველაპარაკნენ რუსები, ვისაც წართმეული აქვს ჩვენი ქვეყნის 20% და ვინც ჩვენი სახელმწიფოებრიობა 1783 წლიდან მოყოლებული გააუქმა და ჩვენ ის ბრძოლით და ჩვენი თანამემამულეების სისხლის ფასად დავიბრუნეთ, - განაცხადა გვარამიამ.

გვარამიას თქმით, ივანიშვილი ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ ქართველ ხალხს რუსეთთან პირისპირ დარჩენას სთავაზობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირდაპირ ამბობს, რომ სამშობლო საფრთხეშია და ამიტომ სისტემა უნდა დაინგრეს.

გულწრფელად უნდა იქვას, ხელისუფლების მიტაცების სანაცვლოდ, ბიძინა ივანიშვილი გვთავაზობს რუსეთთან მარტო და პირისპირ დარჩენას. ჩვენი სახელმწიფოებრიობის დასასრულს, უვიზო რეჟიმის გაუქმებას, რაც გამოიწვეს ქართველი ახალგაზრდების შეზღუდვას. ისინი სასწავლებლად ვეღარ წავლენ ვერსად რუსეთის და რუსული გავლენის ქვეყნების გარდა, ეს გამოიწვევს უვიზო რეჟიმის გაუქმებას და ინვესტორების გასვლას საქართველოდან, სამუშაო ადგილების ტოტალურ დაკარგვას და შემცირებას. სისტემა უნდა დაინგრეს, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს, სამშობლო საფრთხეშია და ჩვენ ის უნდა გადავარჩინოთ - განაცხადა გვარამიამ.

მსგავსი სიახლეები