მნიშვნელოვანია, პროდასავლური ძალების გაერთიანება - რაზე ისაუბრეს "ლელოს" ლიდერებმა და პრეზიდენტმა
მნიშვნელოვანია, პროდასავლური ძალების გაერთიანება - ეს არის პრეზიდენტთან შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ლიდერების მთავარი გზავნილი.
ბადრი ჯაფარიძე და მამუკა ხაზარაძე სალომე ზურაბიშვილს საპრეზიდენტო სასახლეში ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ. ირკვევა რომ მთავარი ამბავი რის გამოც ეს შეხვედრა დაინიშნა, პროდასავლური პარტიების ერთიანი მოქმედებაა.
პრეზიდენტთან იყო საუბარი სწორედ იმაზე, რომ ახლა არის საზოგადოების გამთლიანების დრო, ახლა ვიწრო პარტიული ინტერესების გატარების დრო არ არის, ახლა ქვეყნის ინტერესებზე უნდა ვიფიქროთ ყველამ და ქვეყნის ინტერესი არის ის, რომ საქართველო კვლავ არ იქნას ჩათრეული რუსულ ორბიტაზე და კვლავ არ გაიმარჯვოს ოკუპანტის მცდელობამ, რომ ახლა უკვე რბილი ძალის გამოყენებით ქვეყანა, ჩვენი სამშობლო კვლავ დაიპყროს. ჩენ, რეალურად ახლა ვუყურებთ რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის ხელახალ მცდელობას, ოღონდ ქართველების ხელით და რბილი ძალის გამოყენებით, - ამბობს ბადრი ჯაფარიძე"- თქვა ჯაფარიძემ.
"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, პროდასავლური და პროქართული ძალები გაერთიანდნენ:
გვქონდა საკმაოდ საინტერესო საუბარი - გვქონდა პოლიტიკურ გეგმაზე საუბარი, დღეს როგორც არასდროს, პროდასავლურ ძალებს, (ხაზს ვუსვამ, პროქართულ ძალებს) სჭირდება გაერთიანება და ერთსულოვნება. გვქონდა ამ თემებზე საუბარი - კონკრეტულ ნაბიჯებზე.
ახლა დადგა დრო, ძალიან მკაფიოდ დავაფიქსიროთ ის პოზიცია, აქ არ არის საუბარი მხილოდ პოლიტიკურ პარტიებზე, მნიშვნელოვანია ეს პოზიცია დააფიქსიროს თითოეულმა მოქალაქემ, რომელიც ძალიან კარგად ხედავს, სად არის ჩვენი ქვეყნის მომავალი.
პირველ რიგში საჭიროა, საზოგადოების გაერთიანება. გუშინ ხაზი იქნა გავლებული, სად არის ის ქართული საზოგადოება, რომელსაც პროგრესი უნდა, და სად არის რეგრესი, ის პოლიტიკა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის თამადობით უნდა რუსეთი"- თქვა მან.