არსებობს ქვეყანა, გარდა რუსეთისა, რომელიც ამ კანონპროექტის შემდეგ საქართველოსთან უფრო მჭიდრო ურთიერთობას აპირებს? - უსუფაშვილი ოხანაშვილს
არსებობს ქვეყანა, გარდა რუსეთისა, რომელიც ამ კანონპროექტის შემდეგ საქართველოსთან უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობას აპირებს? - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით უსუფაშვილმა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილს, რომელიც რუსული კანონის შესახებ კანონპროექტის მომხსენებელია.
უსუფაშვილის თქმით, ეს კანონი საერთაშორისო ურთიერთობებს კი არ გააუმჯობესებს, გააუარესებს.
ვინაიდან კანონი ქვეყნის საერთაშორისო ურთიერთობებს ეხება, მინდა გითხრათ, რომ ეს კანონი ამ ურთიერთობებს კი არ გააუმჯობესებს, გააუარესებს. იმ საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, რომლებიც საქართველოს მეგობარი და პარტნიორია მთელი ამ წლების განმავლობაში, ვინც რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში გვერდით გვედგა, ვის ჯარისკაცებთან ერთადაც ჩვენი ჯარისკაცები დიდხანს იბრძოდნენ, არის ერთი მაინც, რომელმაც მკაფიოდ არ თქვა, რომ ამ კანონის მიღება მდგომარეობას გააუარესებს? ამბობენ, რომ შეერთებული შტატები პოლიტიკას გადახედავს, ევროკავშირისკენ სვლა შეჩერდება, ვიზალიბერალიზაციის საკითხს გადახედავენ. არსებობს ქვეყანა, გარდა რუსეთისა, რომელიც ამ კანონპროექტის შემდეგ საქართველოსთან უფრო მეტად მჭიდრო ურთიერთობას აპირებს?“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.