უკან დასახევი არ არის, ამას არ ეყოფა მხოლოდ საღამოს 7 საათზე შეკრება და ღამის 2 საათზე დაშლა - რას ფიქრობს კობახიძე
„ჩვენ არჩევანი არ გვაქვს, უკან დასახევი არ არის, უნდა გვჯეროდეს, რომ ასე არ მოხდება, უბრალოდ ამ ქვეყანაში ვერ ვიცხოვრებთ და აუცილებლად გავიმარჯვებთ,“ - ამ განცხადებას ბექა კობახიძე აკეთებს.
კობახიძის თქმით, საზოგადოება ერთიანი უნდა იყოს ამ ბრძოლაში და უფრო მასშტაბური ხასიათი უნდა მიიღოს პროტესტმა, მაგალითად, რამდენიმე დღე შეიძლება ტრანსპორტმა არ იმუშაოს, თუმცა კობახიძე ამბობს, რომ ეს მხოლოდ მისი იდეაა და არავისთან ჰქონია კომუნიკაცია.
ამას არ ეყოფა მხოლოდ საღამოს 7 საათზე შეკრება და ღამის 2 საათზე დაშლა, თუ ქვეყნის გადარჩენას სჭირდება, მშვიდობიანი გზით შეგვიძლია, რომ რამდენიმე დღით დედაქალაქის ფუნქციონირება გავაჩეროთ - არ იმუშაოს ტრანსპორტმა, არ იმუშაოს სხვადასხვა ობიექტებმა, რომ ხელისუფლებამ დაინახოს, რომ ეს პატარა ჯგუფის მოთხოვნა კი არ არის, საზოგადოების ყველა ფენა უერთდება ამ პროტესტს და უბრალოდ არ გავატარებთ,“ - ამბობს კობახიძე.
კობახიძე ეხმაურება ივანიშვილის და მისი გუნდის გუშინდელ კონტრაქციას და ამბობს, რომ ოცნების საპატიო თავმჯდომარის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი უფრო იყო, ვიდრე იქ შეკრებილი მოსახლეობისადმი.
ღიად დეკლარირებულად განაცხადა, რომ დასავლეთი არის მტერი, მთელი თავისი გამოვლა ამას დაუთმო, ეს გააკეთა ზუსტად იმ არგუმენტებით და სიტყვებით, როგორც საუბრობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, მესიჯბოქსი იყო მთლიანად რუსული - ვფიქრობ, რომ ეს გამოსვლა მიემართებოდა მის პატრონებს რუსეთში, ვიდრე ქართულ საზოგადოებას, ეს არის ყველაზე საშიში და შემზარავი მომენტი. მე პირადად მაქვს განცდა, როგორც 2008 წლის 11 აგვიტოს რუსული ტანკები რომ იდგნენ იგოეთთან და ელოდებოდნენ ბრძანებას შემოსულიყვნენ თუ არა თბილისში, დაახლოებით ასეთი მომენტია, რომ ერთ ადამიანს ჩანაფიქრი აქვს, რომ ქვეყანა გადააბაროს რუსეთს, თუ ჩვენ ამაში ხელს არ შევუშლით ყველანაირი პროტესტით," - ამბობს კობახიძე.