უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

01.05.24 16:34
უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი - ოპოზიციის ერთობლივი განცხადება

ლევან ხაბეიშვილზე ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური - პროდასავლურმა ოპოზიციურმა პარტიებმა პარლამენტს გარეთ ერთობლივი განცხადება გააკეთეს და გუშინდელი აქციის სასტიკ დარბევას გამოეხმაურნენ და სამართალდამცველებს მიმართეს.

ოპოზიციის წარმომადგენლების განცხადებით,გუშნდელი სადამსჯელო სპეცოპერაციით, მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას.

"ივანიშვილის რეჟიმმა შეიძლება ფიზიკურად დაგაზიანოს, მაგრამ, ვერასოდეს მოერევიან ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილს. ბიძინა ივანიშვილისა და მისი  ხელისუფლების მიერ დაკვეთილი ბოროტი და დანაშაულებრივი ქმედებები გრძელდება. მშვიდობიანი, არაძალადობრივი საპროტესტო აქცია სასტიკად იქნა დარბეული ხელისუფლების მიერ. ღამემ გვაჩვენა, რომ მათ საქართველო და მისი მოქალაქეები არათუ არ ადარდებთ, არამედ ქალები და ბავშვებიც კი იყვნენ მათი უხეში ძალის გამოყენების სამიზნე 

მივმართავთ ყველა პოლიციელს, თუ პოლიციის ფორმაში გადაცმულ ადამიანს, როცა არბევთ, ძალას იყენებთ მშვიდობიან მოქალაქეების წინაშე, თქვენ სჩადიხართ დანაშაულს. არ შეასრულოთ ანტიქართული რეჟიმის წარმომადგენლების უკანონო ბრძანებები. 

მიზანმიმართული შურისძიების და სასტიკი თავდასხმის მსხვერპლი გახდა ენმ-ის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი. ის სპეცრაზმმა გაიტაცა და სცემეს ტელეკამერების წინ. მას აქვს ტვინის შერყევა, ცხვირის და სახის ძვლების მოტეხილობა. ეს ძალადობრივი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტზე არის კრიმინალური ქმედება და მასში ჩართული ყველა პირი უნდა დაისაჯოს. პირველ რიგში, უნდა დაისაჯოს საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური.

ყველა ოპოზიციური პარტია ერთად და ერთხმად ვგმობთ იმ ძალადობას რაც საქართველოს მოქალაქეები და ოპოზიციონერი ლიდერების წინააღმდეგ ხორციელდება. ამ ეტაპზე, ჩვენ ვაგრძელებთ თქვენი ხმის გაჟღერებას პარლამენტში ძვირფასო მოქალაქეებო და გამოვიყენებთ მშვიდობიანი პროტესტის ყველა ფორმას თქვენთან ერთად. ამ ქმედებებით მთავრობამ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა საკუთარ ხალხთან, თავისუფალ სამყაროსთან და ზურგი აქცია ჩვენს ევროპულ გზას" -ნათქვამია ოპოზიციონერების ერთობლივ განცხადებაში. 

30 აპრილი-1 მაისის ღამეს რუსული კანონის საპროტესტო აქციაზე მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ ხელისუფლებამ სპეცრაზმი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. პოლიციამ ფიზიკურად იძალადა დემონსტრანტებზე.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ, რუსთაველის გამზირზე რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნის დაუმორჩილებლობის მიზეზით 63 ადამიანი დააკავეს.

 

მსგავსი სიახლეები