„ევროპელი დემოკრატების“ შეხვედრა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან

01.05.24 17:00
„ევროპელი დემოკრატების“ შეხვედრა საზოგადოებრივ ჯგუფებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან

 სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართა „ევროპელი დემოკრატების“ თავმჯდომარის პაატა დავითაიას და პოლიტიკური საბჭოს წევრების ნიკოლოზ ვაშაკიძის და მამუკა გამყრელიძის შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების და  საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლებთან. 

განცხადებას „ევროპელი დემოკრატების“ პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით,  შეხვედრის მიზანი იყო საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლების კახა გოგიძის, აკია ბარბაქაძის, გიორგი თავდგირიძის და სხვების მიერ წარმოდგენილი ინიციატივის  -  საზოგადოებრივი ჯგუფების  და ოპოზიციური პარტიების ერთობის,  ერთიანი   პლატფორმის  შექმნის  განხილვა.  

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა დავითაიამ აღნიშნა,  პარტია  მიესალმება ერთობის პლატფორმის შექმნის იდეას, რომლის ინიციატორებიც  საზოგადოებრივი ჯგუფების წარმომადგენლები არიან.   

აკია ბარბაქაძე: მივმართავთ  პროდასავლური  ორიენტაციის მოქალაქეებს  და  ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, ვისთვისაც ღირებულია ქვეყნის თავისუფლება, სუვერენიტეტი და ევროპული  მომავალი, ვინც  ერთგულია კონსტიტუციის 78-ე მუხლის  გავერთიანდეთ  პლატფორმის ირგვლივ, რომელიც დააჩქარებს  საზოგადოებრივი სახეებით გაძლიერებულ პოლიტიკურ კონსოლიდაციას.

 კახა გოგიძე: ჩვენ უნდა შევქმნათ ძლიერი ერთობა,   რომელიც  არ მისცემს საშუალებას ხელისუფლებას განახორციელოს თავისი ანტიდასავლური სცენარი.  მხოლოდ ერთობა არის ის ძალა, რომელიც დღეს სჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ ხელისუფლებამ ვერ შეძლოს  ქვეყნის  საგარეო კურსის  შეცვლა,  რაც  საბოლოოდ მოგვაქცევს იზოლაციაში და ქვეყანას  დაუკარგავს ევროპულ  პერსპექტივას.



 

მსგავსი სიახლეები