ივანიშვილის გუნდი რუსული კანონს იცავს, NGO-ებს ლანძღავს და თავს ესხმის საერთაშორისო პარტნიორებს - კობახიძის ბრიფინგი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი რუსულ კანონს იცავს და ამბობს, რომ მიუხედავად საზოგადოების პროტესტისა საშიში კანონპროექტი კანონად იქცევა.
მისივე მტკიცებით, რუსული კანონის მიღება ქვეყნის "დასამშვიდებლად" არის საჭირო.
ირაკლი კობახიძე "რევოლუციურ სცენარზე" საუბრობს და მესამე სექტორს "გადატრიალებაში" ადანაშაულებს.
"სამი წელია რადიკალურმა ენჯეოებმა და მედიამ ეს ქვეყანა არ დაასვენეს"- ამბობს კობახიძე.
სწორედ იმის გამო ეწინააღმდეგებიან კონკრეტული ძალები გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღებას. რომ მუდმივად ამყოფონ ქვეყანა რადიკალიზმისა და პოლარიზაციის რეჟიმში.
სამი წლის განმავლობაში ქვეყანა იყო მუდმივი რევოლუციური სცენარების განხორციელების პირობებში და ეს აწყობთ კონკრეტულ ძალებს. შესაბამისად იმისათვის, რომ გრძელვადიანი პერსპექტივაში ქვეყანა დავამშვიდოთ, აუცილებელია ამ კანონის მიღება. იქნება აქციები დღეს, მესამე მოსმენის დროს, ვეტოს გადალახვის დროს, თუმცა თუ გავიტან ყველაფერს და გავიტანთ ამ კანონს, იქება რამდენიმედღიანი დისკომფორტი, მაგრამ გრძელვადიანს პერსპექტივაში ქვეყანას დავაზღვევთ რადიკალიზმისგან", - თქვა კობახიძემ.
პრემიერის ხაზი უცვლელია - ის რუსთაველზე მიმდინარე ახალგაზრდების პროტესტს მართულ უწოდებს. "ნაციონალების აქციად" შერაცხა სტუდენტების აქცია ქვეყნის მეთაურმა.
"უმჯობესია, რადიკალური ოპოზიციის რამდენიმე ძალადობრივი აქცია ვიხილოთ ახლა, ვიდრე საქართველო რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის ჩაკეტილ წრეში დავტოვოთ. ამის არდაშვება არის ჩვენი, როგორც ხელისუფლების პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე, რომელმაც ქვეყნის მართვის მანდატი მოგვანიჭა. გარდა ამისა, როგორც უკვე აღნიშნა, ამ დღეებში რადიკალური პოლიტიკური უმცირესობა ანიავებს იმ ძალადობრივ რესურსს, რომელიც ოქტომბრის ბოლოსთვის უნდა შემოენახათ, რაც საარჩევნოდ მომზადებული რევოლუციური სცენარის პრევენციას ეფექტურად უზრუნველყოფს".
კობახიძის სამიზნე გავლენიანი საერტაშორისო პარტნიორებიც გახდა და ისინი "ცილისწამებასა და შანტაჟში" დაადანაშაულა.
კობახიძე ისევ "არგუმენტებს" ითხოვს და დიპლომატებს დებატებში იწვევს:
თუ რაიმე არგუმენტი აქვთ, დავსხდეთ საზოგადოების წინაშე და გავმართოთ საჯარო დისკუსია კანონპროექტთან დაკავშირებით" -თქვა პრემიერმა.
მეტიც, კობახიძეს თუ დავუჯერებთ, დიპლომატები საქართველოს შიდა პოლიტიკურ მოვლენებში ერევიან.