თქვენი შვილები შეიძლება, დახოცონ იმისთვის, რომ აირჩიეს ჟურნალისტის პროფესია - ვახო სანაია
ტელეკომპანია ,,ფორმულას" ჟურნალისტი აცხადებს, რომ ხელისუფლებას სურს, 5 ივლისის მოვლენებსა და ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებას შორის წყალგამყოფი გაავლოს. ვახო სანაია საზოგადოებას მოუწოდებს, მედიისა და თავისუფალი საზოგადოების უფლებების დასაცავად გამოვიდეს.
ხელისუფლება ცდილობს, 5 ივლისის მოვლენებსა და ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებას შორის წყალგამყოფი გააკეთოს. უფრო შორსაც წავიდნენ, დღეს მედია დაადანაშაულეს სახელმწიფოს, ეროვნული ინტერესებისა და ეკლესიის წინააღმდეგ დანაშაულში. მინდა, მივმართო საზოგადოებას, ჩვენ ასეთ ქვეყანაში უნდა ვიცხოვროთ? თუ არ გვჭირდება თავისუფალი მედია, თავისუფალი სასამართლო, არ გვჭირდება პროკურატურა, პოლიცია, რომელიც ჩვენ დაგვიცავს?
ხომ შეიძლება, პოლიციელის, ექიმის, ან პოლიტიკოსის შვილმა პროფესიად ჟურნალისტობა აირჩიოს და შეკითხვა, მათ უნდა მოუკლან შვილი?
ჩვენი საქმეა, დავიცვათ ჩვენი კოლეგის ღირსება. თვითოეული ჩვენგანის ღირსება დავიცვათ, ამიტომ ვართ აქ - ამბობს ვახო სანაია.