თვალი გადარჩა, რეზინის ტყვია წარბის არეში აქვს მოხვედრილი - აქციაზე დაშავებულის მამა
რუსული კანონის წინააღმდეგ მიმდინარე აქციაზე დაშავებული 25 წლის ბიჭის, ნიკა დემურიშვილის მამა "პირველებთან" ამბობს, მის შვილს სახის არეში, წარბთან რეზინის ტყვია აქვს მოხვედრილი.
"თვალი გადარჩენილია, რაც მთავარია, რეზინის ტყვია, წარბის არეში აქვს მოხვედრილი"- ამბობს "ტვ პირველთან" კახა დემურიშვილი.
მისი ინფორმაციით, ნიკა მაშინ დაშავდა, როცა დარბევისას, გაზის გაშვების დროს, სხვა მოქალაქეს ეხმარებოდა.
წარბის ტერიტორია მთლიანად გახეთქილი აქვს. როგორც მითხრეს, თვალი გადარჩენილია. ვნახოთ, შემდეგში რა იქნება. იმედია, მხედველობაზე ზეგავლენას არ მოახდენს"- ამბობს დაშავებულის მამა.
მან რუსული კანონის ინიციატორ ხელისუფლებასაც მიმართა: "არ შეგრჩებათ" - ამბობს საქართველოს მოქალაქე და აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნება" რუსულ დაკვთას ასრულებს.
კობახიძეს და ამ მთავრობას ვეტყვი: არც ჩემი შვილის (დაზიანება) და არც სხვისი არ შეგრჩებათ. ყველას მოგეკითხებათ...
არავის არ გვინდა რუსეთი და ამათი მთავრობა. ამ მთავრობის მოსვლის პირველივე დღეებიდან ვიცოდი, რომ ეს ასე მოხდებოდა - რუსეთისკენ წაგვათრევდნენ. ესენი ყველანი მარიონეტები არიან, დავალება აქვთ მიღებული და აკეთებენ" - თქვა კახა დემურიშვილმა.
რამდენიმე წუთის წინ, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ სპეცრაზმი აქციაზე მხოლოდ "კანონით დადგენილ სპეციალურ საშუალებებს" - წყლის ჭავლს, ცრემლსადენ გაზსა და წიწაკის სპრეის იყენებს.
მისივე თქმით რეზინის ტყვიების სროლას ადგილი არ ჰქონია.