"ოცნება ვა-ბანკზეა", "კრემლშია დაგეგმილი" - ყოფილი ელჩები მთავრობის მიერ საგარეო კურსის შეცვლის მცდელობაზე

03.05.24 15:27
"ოცნება ვა-ბანკზეა", "კრემლშია დაგეგმილი" - ყოფილი ელჩები მთავრობის მიერ საგარეო კურსის შეცვლის მცდელობაზე

რას ნიშნავს "ოცნების" მაღალჩინოსნების გზავნილები, ცდილობენ თუ არა ოფიციალურად ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებას - ყოფილი ელჩები პირდაპირ ამბობენ, რომ სახელისუფლებო გუნდის ნაბიჯები დაგეგმილია კრემლში.

შესაბამისად, დიპლომატები ქვეყნის ბელორუსიზაციაზე საუბრობენ იმ შემთხვევაში, თუკი რუსული კანონი დამტკიცდება. 

ის პოლიტიკა, რომელიც თბილისში ტარდება დღეს, არ არის თბილისში დაგეგმილი პოლიტიკა, თბილისში სხედან ინსტრუმენტები, რომლებიც ატარებენ, რუსეთში, კრემლში დაგეგმილ პოლიტიკას. ქართული ოცნება წასულია ვა-ბანკზე, მათ ღიად შესთავაზეს ქართულ საზოგადოებას პრორუსული პოლიტიკა და ცდილობენ ძალით ამ პოლიტიკის ლეგიტიმაცია მოახდინონ. თუ ძალის გამოყენებით შეძლეს და თავს მოახვიეს ეს პოლიტიკა, ეს გახდება სახელმწიფო პოლიტიკა და საქართველო გახდება ბელორუსის მსგავსი ქვეყანა," - ამბობს შოთა ღვინერია.

სტრატეგიულ პარტნიორ აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭება, რომ რუსეთის ინტერესშია - ამაზე საუბრობს ბათუ ქუთელიაც. ქუთელია ყურადღებას ამახვილებს იმ ენაზე, რასაც ოცნების ლიდერები იყენებენ პარტნიორების მისამართით.

ბუნებრივია აშშ-სთან ურთიერთობის გაფუჭება არის რუსეთის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა საქართველოში, იმიტომ, რომ ეს დიდი ხნის დეკლარირებული სტრატეგიული მიზანი არის, რომ დასავლეთი რამენაირად გაიჭირხვნოს ჩვენი რეგიონიდან და ქართული ოცნება ამას აკეთებს.
მნიშვნელოვანია ის ფორმა, რა ფორმაც მათ აირჩიეს ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობისას, ამის ფასი შეიძლება გადავიხადოთ ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეებმა, როდესაც ჩვენი ინტერესები აღმოჩნდა რუსული პოლიტიკური ძალის ტყვეობაში,“ - ამბობს ბათუ ქუთელია.

საქართველოს მთავრობის უარი შტატების მიწვევაზე - ივანიშვილის პარტია დიდ საკნდალშია გახვეული. საქართველოში აშშ-ის ელჩი რობინ დანიგანი აცხადებს, რომ "ოცნების" მაღალჩინოსნები შეერთებული შტატების მაღალი თანამდებობის პირებთან სტრატეგიული პარტნიორობისა და აშშ-ის დახმარების შესახებ ნებისმიერი შეკითხვის განსახილველად მიიწვიეს, თუმცა ქართულმა მხარემ მიწვევაზე უარი თქვა.

 "პრემიერი აშშ-ში მიწვეულ იქნა დათქმით" - ასე უპასუხეს დანიგანს საგარეო საქმეთა სამინისტროდან.

წყვეტს თუ არა საქართველო აშშ-თან ურთიერთობას? - რა უთხრა პრემიერმა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს? - შოლესთან საუბრის შინაარსზე განცხადებას სოციალურ ქსელში ირაკლი კობახიძე ავრცელებს. 

"ურთიერთობების განახლებას განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდება" - ირაკლი კობახიძის განცხადებიდან ჩანს, რომ სახელისუფლებო ძალას აშშ-სთან რთული ურთიერთობა აქვს.

"ვგმობთ დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობას" - საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ განცხადებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო პასუხობს.

საგარეო უწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას "არაობიექტურს" უწოდებს და ძალადობის წახალისებად აფასებს.