პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო
პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო დაადო. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
სალომე ზურაბიშვილმა მოტივირებული შენიშვნებით პარლამენტს დაუბრუნა "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები.
ე.წ. ოფშორების შესახებ კანონი "ქართულმა ოცნებამ" დაჩქარებული წესით 19 აპრილს დაამტკიცა.
ამავე პროექტით, საგადასახადო შეღავათები წესდება ე.წ. ოფშორში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს ყველა აქტივზე საკუთრების უფლების საქართველოს საწარმოსთვის გადაცემის ოპერაციებზე, რომლებიც 2028 წლის 1-ელ იანვრამდე განხორციელდება.
პროექტის თანახმად, ე.წ. ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების საქართველოში გადმოტანის ხელშეწყობის მიზნით, შესაბამისი ოპერაციები გათავისუფლდება მოგების გადასახადისგან, საშემოსავლო გადასახადისა და ქონების გადასახადისგან. ასევე, ამ ოპერაციის ფარგლებში, აქტივის/საქონლის საქართველოში შემოტანა/იმპორტი გათავისუფლდება იმპორტის გადასახდელებისგან. საგადასახადო შეღავათებით სარგებლობის აუცილებელი პირობაა, რომ შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოსა და საქართველოს საწარმოში წილის/აქციების 100 პროცენტს ერთი და იგივე ფიზიკური პირი (პირთა ჯგუფი) ფლობდეს.
ხელისუფლებამ მას შემდეგ დაიწყო სადავო კანონის მიღებაა, რაც პანამის სასამართლოში სკანდალური საქმის განხილვა დაიწყეს. გაჩნდა მოლოდინიც, რომ ვიდრე სკანდალურ საქმეზე პანამის სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს, ოლიგარქი ოფშორში შენახულ ქონებას საქართველოსკენ წამოიღებს.