ის, პროპაგანდისტული შეტევები, რაც ლაშქარავას მიმართ ხდება, მისი კიდევ ერთი მკვლელობაა - დავით ბაქრაძე
შეწყდეს გარდაცვლილის დისკრედიტაცია - ამის შესახებ "ტვ პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გასვენებაში მისულმა დავით ბაქრაძემ განაცხადა.
მისი თქმით, პროპაგანდისტური შეტევებით ლაშქარავას კიდევ ერთხელ კლავდნენ.
ის, რაც ხდება, პროპაგანდისტული შეტევები, მცდელობა იმის დამტკიცების, რომ ლექსო საკუთარ სიკვდილში თვითონ არის დამნაშავე, ეს არის კიდევ ერთი შეურაცხყოფა და მისი კიდევ ერთი მკვლელობა. ეს საზოგადოებისთვის აბსოლუტურად მიუღებელია და ამას პასუხი უნდა გაეცეს.
ამ ადგილიდან, გარდაცვლილის ოჯახიდან, პოლიტიკური განცხადების გაკეთება არ მინდა, მაგრამ ის, რასაც ხელისუფლება ახლა აკეთებს, მის რეპუტაციის შელახვის მიმართულებით, ამას საზოგადოება უნდა აღუდგეს. ეს არ არის პოლიტიკური საკითხი, ეს არის საკითხი, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობთ და რა შეუძლია, გაუკეთოს ხელისუფლებამ თითოეულ ჩვენგანს. თითოეული ჩვენგანის, მათ შორის ჩემი მოვალეობაა, თქვენი, ჟურნალისტების გვერდით იდგეს ბოლომდე, სანამ სიმართლე არ გაირკვევა და არ შეწყდება ის პროპაგანდისტული შეტევები, რომელიც გარდაცვლილის წინააღმდეგ მიმდინარეობს"- აცხადებს დავით ბაქრაძე.