ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ლექსოს ძალადობასა და გარდაცვალებას შორის კავშირი - ოპოზიცია

13.07.21 17:34
ხელისუფლება ცდილობს, გადაფაროს ლექსოს ძალადობასა და გარდაცვალებას შორის კავშირი -  ოპოზიცია

ოპოზიცია  ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხიმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს. ლიდერები ამბობენ რომ ,,ქართული ოცნების" ერთადერთი მიზანი ახლა ლექსო ლაშქარავას ცემასა და მის გარდაცვალებას შორის კავშირის გაწყვეტააა, ამიტომ მმართველმა გუნდმა  მისი დისკრედიტაცია გადაწყვიტა.

,,ნაცმოძრაობის" წევრი, კობა ხაბაზი, ამბობს, რომ ხალხმა ტვ პირველის ოპერატორის ცხოვრება ტაშით შეაფასა, ამიტომაც არ აქვს მნიშვნელობა, რას შეთითხნის ხელისუფლება თავისი გამოძიებით.

ტაში იყო ლექსოს ცხოვრების შემფასებელი, ტაში არის იმის შემფასებელი, რომ ლექსო გადაეფარა მოყვასს. იმის შემფასებელია, რომ ლექსომ იცხოვრა ღირსეულად და ღირსეულად წავიდა ამ ქვეყნიდან. რას გამოიძიებენ, რას შეთითხნიან, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ბინძური ხალხის ბინძური საქმეები, რასაც ისინი სჩადიან, მალე დამთავრდება ამ ქვეყანაზე. - ამბობს კობა ხაბაზი.

,,სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე, მიიჩნევს, რომ ეს იყო ხელისუფლების  შიშის დამნერგავი გზავნილი მედიის მისამართით. 

ეს იყო მიზანმიმართული შიშის დამნერგავი გზავნილი  მედიის მისამართით. გუშინ რაღაც კადრები გვაჩვენეს და რა? 5 ივლისი არ მომხდარა? ჟურნალისტებზე ძალადობა არ იყო და თავპირი არ დაუმტვრიეს ამ ადამიანს? რატომ ტკიოდა, რატომ იყო ასე მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში ეს ადამიანი? ეს ყველაფერი ხომ ნათელი მაგალითია, რომ ერთით მეორის გადაფარვა უნდათ? თქვა გიორგი ვაშაძემ.

,,ნაცმოძრაობის" წევრი, ზაალ უდუმაშვილი, აცხადებს, რომ ხელისუფლებას ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნა სურს, მაგრამ არ გამოუვა.

ხელისუფლებამ 5 ივლისს ყველას დაგვანახა, როგორ აპირებს ქვეყნის აშენებას. ქვეყანა მთლიანად იქნება დაფუძნებული ძალადობასა და ქაოსზე. ივანიშვილს სურს, ქვეყანაში მართვადი ქაოსი შექმნას.  ერთია, რა სურს ივანიშვილს და მეორეა, რა სურს საზოგადოებას. ამიტომ ჩვენ ძალიან სწრაფადს უნდა გადავდგათ ძალიან სწრაფი ნაბიჯები, რათა დამნაშავეები დაისაჯონ. - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.