მნიშვნელოვანია, გამოძიება გამჭვირვალე იყოს და გაირკვეს, რა მოხდა - ევროკომისიის სპიკერი ლაშქარავაზე
ევროკომისიის სპიკერს პიტერ სტანო ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას, გარდაცვალების ფაქტს სამწუხაროს უწოდებს და საქმეზე ობიექტურ და გამჭვირვალე გამოძიების მნიშვნელობას ხაზს უსვამს.
ძალიან სამწუხაროა, რაც ბოლო რამდენიმე დღის მანძილზე ვიხილეთ საქართველოში, განსაკუთრებით ოპერატორის სიკვდილი. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მისი გარდაცვალების გარემოებები ნათლად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად იყოს გამოძიებული. როგორც ვიცით, გამოძიება დაწყებულია და ძალიან მნიშვნელოვანია, [გამოძიება] გამჭვირვალე იყოს და გაირკვეს, რა მოხდა – თქვა ევროკომისიის სპიკერმა.
ტვ პირველის ოპერატორს, ლექსო ლაშქარავას, 5 ივლისის მოვლენების დროს მოძალადე რადიკალები სასტიკად გაუსწორდნენ. მას რამდენიმე გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. 11 ივლისს ლექსო საკუთარ საწოლში დედამ გარდაცვლილი იპოვა.