მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს მიმართა, ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატს მუშაობისთვის მადლობა საჯაროდ გადაუხადა
"დიდი მადლობა ყველას" - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პარლამენტის დეპუტატებს და აპარატის წევრებს მადლობას უხდის გაწეული შრომისთვის.
მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა საჯარო მოხელეებს მიმართა და უთხრა, რომ "საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო", მისი მოწოდებიდან მეორე დღეს, ანრი ოხანაშვილმა პარლამენტის აპარატის თანამშრომლები საჯაროდ კომიტეტის სხდომაზე მადლობა გადაუხადა.
დიდი მადლობა ყველას - დეპუტატებს ჩართულობისთვის, თქვენი წვლილისთვის, რომელიც თქვენ შეიტანეთ განსაკუთრებით კომიტეტის წევრებმა, არა მხოლოდ კომიტეტის წევრებმა, ქალბატონი გრეტაც გვესწრება, ამ საკითხების განხილვაში. იცით, რომ თავის დროზე სამუშაო შეხვედრებიც იყო, ოპოზიციის ნაწილიც ესწრებოდა - ბატონი ფრიდონიც ესწრებოდა, მადლობა ყველას თქვენი ჩართულობისთვის და ასევე დიდი მადლობა მსურს გადავუხადო ჩვენი კომიტეტის აპარატს, რომლებიც დღეს და ღამეს ათენებენ იმისთვის, რომ ყველა ის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც არის წარმოდგენილი, მაქსიმალურად იყოს თანხვედრაში კონსტიტუციასთან და ასევე, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი ჩვენი ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციას - დაწყებული აპარატის უფროსიდან ბატონ ლევან კასრაძიდან, გაგრძელებული ბაჩანა სურმავათი, ბატონი გიორგი ხაჭვანით, ქალბატონი მარიამ რიჟამაძე გვესწრება და ბატონი გიზო ქემარტელიძე, მადლობა ყველას იმისთვის, რომ თქვენს ენერგიას, შემართებას, ენთუზიაზმს არ იშურებთ იმისთვის, რომ 24/7-ზე რეჟიმში ჩვენი ქვეყნის ინტერესებისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების პროცესს მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი და ხართ ამ პროცესის მონაწილე, დიდი მადლობა ყველას,“ - ამბობს ანრი ოხანაშვილი.
"საჯარო სამსახური არ ნიშნავს მონობას, შენი ქვეყნის ერთგული უნდა იყო" - ეს მიმართვა პრეზიდენტმა გუშინ ევროპის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაახმოვანა. სალომე ზურაბიშვილმა საჯარო მოხელეებს შეახსენა, რომ საჯარო სამსახურში დასაქმება "საკუთარ პრინციპზე უარის თქმას" არ ნიშნავს და რომ ქვეყნის ერთგულებაა უმთავრესი.