სანქციები იარაღია, დაწესებამდე არ ვაცხადებთ, ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით - სახელმწიფო დეპარტამენტი
აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა, 5-6 ივლისის მოვლენებზე, ტვ პირველის ოპერატორის გარდაცვალებეზე, ისაუბრა. ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ თქვა, რომ სანქციები აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ერთ-ერთი იარაღია, რომელსაც დაწესებამდე არ აცხადებენ, თუმცა აშშ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ახლოდან აკვირდება.
ჩვენ გვაქვს სხვადასხვა იარაღი, რათა პასუხი ვაგებინოთ მათ, ვინც პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების დარღვევაზე, ძალადობაზე. სანქციები ერთ-ერთი იარაღია. როგორც იცით, სანქციებს დაწესებამდე არ ვაცხადებთ, მაგრამ ვითარებას ახლოდან ვაკვირდებით.
თითოეული ქართველი ჟურნალისტის უსაფრთხოება და საქართველოში დემოკრატიის საიმედოობა მოითხოვს, რომ თითოეული პირი, რომელიც თავს დაესხა მშვიდობიან დემონსტრანტებს და ჟურნალისტებს 5-6 ივნისს, ან ისინი, ვინც წააქეზა ძალადობა, იყვნენ იდენტიფიცირებული, დაკავებული და კანონის სრული სიმკაცრით გასამართლებული", - თქვა ნედ პრაისმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი საქართველოს მთავრობას ადამიანის კონსტიტუციური უფლებების, ჟურნალისტების და პრესის თავისუფლების დაცვის პასუხისმგებლობას, ახსენებს.
ჩვენ შევახსენებთ საქართველოს ლიდერებს და მათ სამართალდამცველებს პასუხისმგებლობას, დაიცვან ყველას კონსტიტუციური უფლებები, შევახსენებთ პასუხისმგებლობას, დაიცვან ჟურნალისტები, პრესის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა ქართველს, ქართველ თანამდებობის პირს, საჯაროდ დაგმონ ამ სახის ძალადობა, რომლის ადგილიც არ არის დემოკრატიაში.
ჩვენ მსოფლიოს მასშტაბით ამაყად ვმუშაობთ ლგბტქ+ უფლებებისთვის, რათა ლგბტქ+ ადამიანები დაცული იყვნენ ძალადობისგან, კრიმინალიზაციისგან, დისკრიმინაციისგან და სტიგმისგან. ჩვენ ვისწრაფვით, გავაძლიეროთ ადგილობრივი ლგბტ+ მოძრაობები. ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით ძალადობას ლგბტ+ თემზე და, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში, უხეშ ძალადობას გარდაცვლილ ჟურნალისტზე.
რაც შეეხება პრემიერმინისტრს და მის მომავალს, ეს, რა თქმა უნდა, არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება", - თქვა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა.